პატიმრობის კოდექსი

გიორგი ტუღუში: არ გამოვრიცხავ სამინისტროს ციხეებში წესრიგის დამყარება სურდეს

გიორგი ტუღუში

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებები, სასჯელაღსრულების სამინისტროს, შესაძლოა, ციხეებში არსებულმა უკონტროლო სიტუაციამ უკარნახა.

"მე რატომღაც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ცვლილებების შეტანა კანონში შემთხვევითი არ რის. ეს გარკვეულწილად აიხსნება ვითარებით სასჯელაღსრულების სისტემაში, სადაც ძალიან მოსუსტებულია ადმინისტრაციის კონტროლი მთელ რიგ დაწესებულებებზე, ეს არ არის ერთეული დაწესებულება, ამაზე ბევრი ადამიანი საუბრობს, მათ შორის ის პატიმრები, რომლებიც გათავისუფლდნენ ცოტა ხნის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სადაც უშუალოდ გაძლიერებულია გავლენიანი პატიმრების გავლენა, ისინი ადმინისტრაციის რიგ ფუნქციებსაც ითავსებენ. ასე რომ, მე არ გამოვრიცხავ, სამინისტროს გარკვეულწილად სურვილი ჰქონდეს წესრიგი და დისციპლინა დაამყაროს დაწესებულებებში და ეს იყოს გარკვეული პრევენციული ზომა იმისა, რომ კანონში გაჩნდეს ჩამონათვალი იმ საშუალებების, რომელიც სამომავლოდ შეიძლება გამოიყენოს სპეციალურმა რაზმმა, ან თუნდაც სხვა დანაყოფმა, რომელსაც მოუწევს გარკვეულ სიტუაციასთან გამკლავება", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა ტაბულას ეთერში, გადაცემა ფოკუსში.

გიორგი ტუღუშის მოსაზრებით, კანონში კონკრეტულად უნდა გაიწეროს ის სპეცსაშუალებები, რომელიც შესაძლოა პატიმართა წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული, გარდა ამისა, კონკრეტულად უნდა იყოს განსაზღვრული ბრძანების გამცემი პირის უფლებამოსილება და შეიქმნას მონიტორინგის ეფექტური მექანიზმი.

სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ფართოვდება იმ სპეცსაშუალებების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს პატიმრის დაუმორჩილებლობის ან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში შეუძლიათ. ჩამონათვალს ემატება წიწაკის გაზი და დამაწყნარებელი სკამი.

კომენტარები