შეტაკებები უკრაინაში

სააკაშვილი: უკრაინული პროტესტი 21-ე საუკუნის პირველი გეოპოლიტიკური რევოლუციაა

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal უკრაინის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აქვეყნებს. სარედაქციო გვერდზე სააკაშვილი წერს თუ რატომ უნდა შეუერთდეს დასავლეთი უკრაინელ დემონსტრანტებს და რეალურად რას აპროტესტებენ უკრაინაში. მისი აზრით, უკრაინული პროტესტი შესაძლოა მაყურებელს უქმნიდეს განცდას, რომ სახეზეა ახალი არეულობა, თუმცა, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეები არ ჰგვანან სხვა ქვეყნის დემონსტრანტებს, რომლებსაც სოციალური მოთხოვნები აქვთ ან კორუფციული მმართველობის წინააღმდეგ გამოდიან. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები უნდა დააკისრონ უკრაინის ხელისუფლებასა და მის მხარდამჭერ ოლიგარქებს. მისივე თქმით, ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის - კლიჩკო, უნდა მიიწვიონ მაღალი რანგის ვიზიტებზე ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში. ამასთანავე, მოსკოვმა პირდაპირი გაფრთხილება უნდა მიიღოს, რომ შეწყვიტოს უკრაინის საქმეებში ჩარევა.

"უკრაინაში ნოემბერში დაწყებული პროტესტი, რომელსაც ბოლო დღეეებში ძალადობა მოემატა - არის 21-ე საუკუნის პირველი გეოპოლიტიკური რევოლუცია, რომლის მომსწრეებიც ჩვენ ვართ. ცეცხლოვანი ხაზი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში ათასობით მომიტინგესა და იანუკოვიჩის რეჟიმის პოლიციას ყოფს, არის გამყოფი ზოლი ორ იდეოლოგიას, მსოფლიოს ორ ხედვასა და ცხოვრების ორ არჩევანს შორის: დამოუკიდებლობა და დასავლური დემოკრატია თუ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი. ბოლო წლებში ვლადიმერ პუტინმა საკუთარ თავს უფლება მისცა ჩაეთვალა, რომ აშშ და ევროპა ჩაფლული არიან მსოფლიოს სხვა კრიზისებში. იგი განსაკუთრებით გაძლიერდა იმ წარმატებით, რომელსაც მიაღწია სომხეთსა და საქართველოში, ისევე როგორც თავად უკრაინაში, სადაც 2010 წელს განდევნა ნარინჯისფერი რევოლუციის შედეგად ფორმირებული, მისთვის საძულველი მთავრობა. პუტინი დარწმუნებული ჩანდა, რომ დასავლეთს საბოლოოდ ხელიდან გამოაცალა პოსტსაბჭოთა რეგიონი, რომელიც თავის ბუნებრივ სამფლობელოდ მიაჩნია. ბატონი პუტინისთვის, თითქოს, ყველაფერი კარგად მიდიოდა, უკრაინის მთავრობის მიერ ნოემბერში ბოლო წამს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების არმოწერაც კი, მისი გეოპოლიტიკური თამაშის ტრიუფად წარმოჩნდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი ფაქტორი ჩაერთო - უკრაინელი ხალხის ლტოლვა, იცხოვრონ დემოკრატიულ, ღია და ევროპულ საზოგადოებაში, რომელსაც სუფთა მთავრობა მართავს. რასაც რუსეთისა და მისი მეზობელი ქეყნებისთვის ბატონი პუტინი განასახიერებს, ფესვებს ძველ KGB-ში ჰპოვებს, რომელიც რუსეთში არსებულ ყველა პოლიტიკურ თუ პარტიულ ჯგუფზე ძლიერი ძალაა. KGB-ს სიძლიერე დამყარებული იყო ტყუილზე, ძალადობასა და ცინიზმზე, რომელიც არსებული რუსული რეჟიმის დამახასიათებელ ნიშნად იქცა", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ კრემლის აზრით, რუსეთს საზღვრები არ აქვს.

"მას აქვს მხოლოდ პერიფერიები, რომლებიც სამუდამო კორუფციით, ქაოსითა და წარუმატებლობით იქნებიან მოცულები და ვერასოდეს შეძლებენ შექმნან საკუთარი, ქმედითი, დემოკრატიული სახელმწიფო. კრემლის შეხედულებით, თუ ისინი იქნებიან ისეთივე არაეფექტური, როგორიც თავად არის, მხოლოდ რუსეთს შეეძლება კვლავაც მათი მართვა. უკრაინული ჰიმნი, რომელსაც პროტესტის მონაწილეები ამ დღეებში მხურვალედ მღერიან, ამ სტროფს შეიცავს: „მოდი დავუმტკიცოთ ყველას, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ საკუთარი ბედის განმკარგველები“. აი, სწორედ ამას აკეთებდნენ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინელები, აღმოსავლეთ ევროპის რეკორდულ სიცივეში. ისინი ეძებენ მათი ცხოვრების წესის თავისუფალ არჩევანს. გასულ თვეში, როდესაც მე კიევში ვიყავი, შევხვდი ოპოზიციის მთავარ ლიდერს ვიტალი კლიჩკოს. ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში განვიხილავდით არა იმდენად აქციებს, რამდენადაც თავად უკრაინის მომავალს. ბატონ კლიჩკოს სურს, ისწავლოს ქართული მაგალითიდან, ჩემი პრეზიდენტობის დროიდან, თუ როგორ უნდა დამარცხდეს კორუფცია და ნეპოტიზმი, როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირება და აშენდეს ისეთი უკრაინა, როგორზეც იგი ოცნებობს. ვიტალი კლიჩკოს დიდი ხანია ვიცნობ და შემიძლია დავადასტურო, რომ მსოფლიო კრივის ყოფილი ჩემპიონი მძიმე-წონით კატეგორიაში, ამავე დროს, არის მოაზროვნე და სწრაფად მზარდი პოლიტიკოსი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მას აქვს სუფთა წარსული, რაც უკრაინულ პოლიტიკაში იშვიათი მოვლენაა", - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი The Wall Street Journal-ის სარედაქციო გვერდზე.

მისი თქმით, დეკემბერში, როდესაც კლიჩკოს შეხვდა, გააოცა უკრაინის ოპოზიციის ლიდერის მასშტაბურმა ხედვამ, "რომელიც მთელი ქვეყნის დემონსტრანტთა მისწრაფებებს ასახავს". სააკაშვილის შეფასებით, კიევში მომავალი გადაწყვეტილია და დემონსტრანტთა ტრიუმფი საბოლოო დაღს დაასვამს პუტინის ოცნებას რუსეთის იმპერიის აღდგენასთან დაკავშირებით.

"მათი დამარცხება ევროპული გავლენისა და ღირებულებების უდიდეს უკუსვლას ნიშნავს; ამერიკის შესაძლებლობები კი, რომელიც რეგიონში ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, გაქრება. ეს პუტინმა იცის. ეს უკრაინის მამაცმა მოქალაქეებმა იციან. ამიტომაც არის, რომ 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციისგან განსხვავებით, ამჯერად ქუჩებში სისხლი დაიღვარა. პოლიციამ დემონსტრანტები მოკლა, ღიად და დაუფარავად ჩაიდინა წამება, ხშირია ცნობები აქტივისტთა გაუჩინარებასთან დაკავშირებით. დასავლური ქვეყნების მხრიდან შეშფოთების გამოხატვა საკმარისი არ არის. საკმაოდ კარგად ვიცნობ ვლადიმერ პუტინს და ამიტომ ვიცი, რომ ამ სადამსჯელო ღონისძიებების უკან ის დგას, ისევე როგორც მისი ხელი ურევია ბაშარ ალ-ასადის მიერ მოწყობილ მასობრივ ხოცვასა და ირანის ატომური იარაღის პროგრამაში. დროა, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროს ნათლიმამას და არა მხოლოდ მისი კლანის წევრებს. კრემლი არის საფუძველი ყველა პრობლემის, რაც დასავლეთს ტანჯავს. ამ დღეებში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა, პატრიარქმა ფილარეტმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა ერთ-ერთი ინციდენტის შესახებ, რომელმაც მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. უკრაინელი კაზაკი დემონსტრანტი თავზეხელაღებულმა პოლიციამ დააკავა, სცემა, ტანსაცმელი შემოახია და დაამცირა, შემდეგ კი აიძულა ყინვაში შიშველი დამდგარიყო. პატრიარქ ფილარეტის თქმით, სწორედ ეს შიშველი კაზაკი არის უკრაინის სიმბოლო: გაშიშვლებული, ნაწამები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამაყი და ღირსებით აღსავსე, რომელიც არ ნებდება სასტიკ ძალას. დემოკრატიულმა სამყარომ ეს კაზაკი სიცივეში გარეთ არ უნდა დატოვოს. ახლა მოქმედების დროა. და რა შეიძლება გაკეთდეს? დასავლეთმა უკვე დაგმო იანუკოვიჩის ძალადობრივი ქმედებები, მაგრამ მხოლოდ სიტყვები არ კმარა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები უნდა დააკისრონ უკრაინის ხელისუფლებასა და მის მხარდამჭერ ოლიგარქებს - სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ძალადობრივ ქმედებებზე. ეს სანქციები უნდა მოიცავდეს სავიზო მიმოსვლის აკრძალვებსა და უცხო ქვეყნის საბანკო ანგარიშების გაყინვას; ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის - კლიჩკო, უნდა მიიწვიონ მაღალი რანგის ვიზიტებზე ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში; ამასთანავე მოსკოვმა პირდაპირი გაფრთხილება უნდა მიიღოს, რომ შეწყვიტოს უკრაინის საქმეებში ჩარევა. 1991 წლის აგვისტოში უფროსი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშის სიტყვა, რომელსაც “კიევური კოტლეტი” უწოდეს, მიმართავდა უკრაინასა და საბჭოთა რესპუბლიკებს, არ ებრძოლათ დამოუკიდებლობისა და დასავლეთთან ინტეგრაციისათვის. ახლა კი, ორი ათწლეულის შემდეგ, დასავლეთმა კვლავაც არ უნდა გააჟღეროს მსგავსი გზავნილი იმ ხალხის მიმართ, რომელმაც წარმოაჩინა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს. იმედი ვიქონიოთ, რომ ვაშინგტონი, პარიზი, ბრიუსელი, ბერლინი და ლონდონი უდიდესი ყურადღებით მოეკიდებიან ამ ფაქტს, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები