პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღე

წულუკიანი: იუსტიციის სამინისტრო არცერთ პირად მონაცემს უკანონოდ არ ინახავს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო არცერთ პირად მონაცემს უკანონოდ არ ინახავს. როგორც წულუკიანმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, იუსტიციის სამინისტრო არის უწყება, რომელიც ადამიანის პირად ცხოვრებაში უკანონოდ არ ერევა.

"იუსტიციის სამინისტრო არის ერთ-ერთი უწყება, რომელიც ყველაზე მეტ ინფორმაციას ინახავს პირადი მონაცემების დაცვის კუთხით. თუმცა, მე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ის უწყება, რომელიც არცერთ ასეთ მონაცემს უკანონოდ არ ინახავს. ამისათვის მე მადლობა მინდა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომელსაც ყოველდღიურად მართლაც ამგვარ მონაცემებთან აქვს შეხება და მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას კანონი და იცავს ამ კანონს“, - განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორით ხვდება.

"თუმცა, ამ მხრივ ძალიან ბევრი რამ რჩება შესასრულებელი. ჩვენ ამ დღეს ასევე ვხვდებით იმ შეგნებით, რომელიც ალბათ, წლების მანძილზე არ იყო - პერსონალური მონაცემები და, შესაბამისად, ინდივიდის უფლებების დაცვა არის აუცილებელი. თვითონ ეს შეგნება რომ ნელ-ნელა ფეხს იკიდებს საზოგადოებაში, არის უმნიშვნელოვანესი, რადგან საზოგადოებას შეუძლია ამ შეგნების წყალობით პასუხი მოსთხოვოს სახელმწიფოს ან კერძო სექტორს, რომელიც გაუმართლებლად ჩაყოფს ცხვირს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის", - აღნიშნა წულუკიანმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა გახსნეს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, ღონისძიებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის კონსოლიდაციასა და ჰარმონიზაციას განიხილავენ. ასევე, გაიმართება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ვებგვერდის პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე მიწვეულები არიან სამთავრობო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრა იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოს შესაძლებლობების გაუმჯობესება მიგრაციის მართვის სფეროში" - ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები