თბილისის ბიუჯეტი

საკრებულოს წევრებმა თბილისის ბიუჯეტზე იმსჯელეს

timer.ge

თბილისის მთავრობასა და საკრებულოს უმრავლესობას შორის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეების განცხადებით, მათ ისაუბრეს პროცედურებზე, რომლის მიხედვითაც, სამომავლოდ ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

დედაქალაქის მთავრობამ კონსულტაციები დადებითად შეაფასა, საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები კი, მერიას უნდობლობას უცხადებენ.

მერის მოვალეობის შემსრულებლის სევდია უგრეხელიძის თქმით, კონსულტაციების მეორე რაუნდამდე, დედაქალაქის მთავრობა ყოველგვარი განცხადებისგან თავს შეიკავებს. ის ასევე იმედს გამოთქვამს, რომ კომისიების სხდომებზე მიიწვევენ მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც დეპუტატების კითხვებს ამომწურავად უპასუხებენ.

საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით კი, შეკითხვები, რომელიც თბილისის მთავრობის მიმართ გააჩნდათ, კვლავ ძალაში რჩება. ფრაქცია ქართული ოცნება - თბილისელების თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე მერიის მიმართ უნდობლობას გამოთქვამს, თუმცა მზად არის მომავალშიც გაგრძელდეს ასეთი ტიპის შეხვედრები. მისი თქმით, მხარეებს შორის პირველად შედგა კონსტრუქციული დიალოგი.

ცნობისთვის, თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების თავმჯდომარეების შეთავაზებას დათანხმდა და საკრებულოში გუშინ, 17:00 საათზე მივიდა.

კონსულტაციების მეორე რაუნდი ბიუჯეტის კომისიებში განხილვის შემდეგ შედგება.

თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდა. 29 დეკემბერს, დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა, 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.

20 იანვარს, თბილისის მერიამ საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი ხელმეორედ შეიტანა. უმცირესობის წევრების განცხადებით, დოკუმენტი მაქსიმალურად ოპტიმალურია.

კომენტარები