სავალუტო ბაზარი

რატომ გაუფასურდა ლარი?

რა ხდება სავალუტო ბაზარზე? ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.07 პუნქტით (4%) გაუფასურდა ამა წლის მარტიდან დღემდე. სასურსათო პროდუქცია გაძვირდა. იმპორტიორებმა განიცადეს მნიშვნელოვანი ზარალი. მომხმარებლებმა იგრძნეს, რომ ცხოვრება გაუძვირდათ. პოლიტიკოსებისა და ექსპერტთა განცხადებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი და დამაბნეველია.

აქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ოფიციალურ პოზიციას წარმოადგენს ის, რომ ეკონომიკაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, აღნიშნული მოვლენები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და კანონზომიერია. უფრო მეტიც, მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები სეზონურობაზე აპელირებენ, თითქოს სავალუტო კურსის ცვლილება და სასურსათო პროდუქტის გაძვირება ამ მასშტაბებში უკავშირდება წინასაახალწლო პერიოდს და მასთან დაკავშირებულ სავაჭრო ოპერაციებს. დღეს საქართველოს მთავრობა იკავებს „სირაქლემის პოზიციას". მიმდინარე მოვლენების ასახსნელად ყველანაირ ვერსიას ავითარებს და გამართლებას ეძებს, რადგან ჰიპოთეზის დონეზე არ უშვებს იმ ვერსიასაც კი, რომ ეკონომიკა 2012 წელთან შედარებით უარესობისკენ შეიცვალა, რის შედეგადაც დადგა ახალი რეალობა.

მოვიყვან ჩემი ციტატის ამონარიდს 2013 წლის 8 მარტს ტაბულაში გამოქვეყნებული სტატიიდან: „უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთობლივი მიწოდების ვარდნის შემდეგ ფასების დონე მიაღწევს საბაზისო პერიოდის ნიშნულს. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ერთობლივი მოთხოვნის შემცირების შედეგად ფასების დონე შემცირდება, მაგრამ დაახლოებით იმავე რაოდენობით შემცირდება ერთობლივი მიწოდებაც და ფასების დონე ისევ გაიზრდება. ის, რომ ფასების დონე დღეს მცირდება, არის მოკლევადიანი ეკონომიკური რყევა, რაც ბაზარზე ქმნის ცრუ სიგნალებს და სტიმულებს. ერთი სიტყვით, ეკონომიკა გადადის ახალ რეალობაში და ეს რეალობა არის შემცირებული ეკონომიკური აქტივობა. რეალობის დაფიქსირებას კი სჭირდება დრო, ხოლო ეს დრო დადგება მაშინ, როდესაც ფასების დონე გაზრდილი უმუშევრობით დაუბრუნდება ფასების საბაზისო დონეს, ხოლო მანამდე, ადგილი ექნება ეკონომიკურ რყევებს, ფასების დონე ჯერ შემცირდება, შემდეგ გაიზრდება, რაც ხელს შეუშლის რაციონალურ ეკონომიკურ გარიგებებს.

ასების დონის ცვლილება შეეხება არა მხოლოდ ფასებს სამომხმარებლო ბაზარზე, არამედ ლარის გაცვლით კურსს სავალუტო ბაზარზე და საპროცენტო განაკვეთებს კაპიტალის ბაზარზე. რაც უფრო მაღალი იქნება რყევის ამპლიტუდა, მით უფრო მეტად შეუწყობს ხელს ეს ფაქტი უმუშევრობის გაზრდას".

ამჯერად, შევეცდები ავხსნა ის ძირითადი მიზეზები იმ ლოგიკურ შედეგებთან მიმართებით, რის გამოც სასურსათო პროდუქტი გაძვირდა, ლარი გაუფასურდა და საქართველოს რიგითმა მოქალაქემ რეალურად იგრძნო, რომ ქვეყნის ეკონომიკა ახალ რეალობაში გადავიდა, რადგან შეინიშნება ცხოვრების დონის გაუარესების ტენდენციები.

იმისთვის, რომ კარგად გავიაზროთ, თუ რა მოხდა, მიმდინარე ოპერაციები უნდა განვიხილოთ, ერთი მხრივ, სასესხო კაპიტალის ბაზრის, ხოლო მეორე მხრივ, სავალუტო ბაზრის ჭრილში. ეს ორი ბაზარი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ერთმანეთზეა დამოკიდებული. სასესხო კაპიტალის ბაზარზე წარმოებს აქტივების შესყიდვა საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეთ. საქართველოში აქტივების შესყიდვის წყაროს წარმოადგენს ეროვნული დანაზოგი, რომელიც შედგება კერძო და საზოგადოებრივი დანაზოგისგან. საზოგადოებრივი დანაზოგი წარმოიქმნება, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლები აღემატება ხარჯებს, ანუ, როდესაც ადგილი აქვს ბიუჯეტის პროფიციტს.

თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ბიუჯეტი რამდენიმე წელია, რაც უფრო დეფიციტურია, ვიდრე პროფიციტური, სიმარტივისთვის, მსჯელობაში შესაძლებელია გავაკეთოთ დაშვება, რომ ამ შემთხვევაში, ქვეყნის აქტივების შესყიდვის განმსაზღვრელი ფაქტორი არის მხოლოდ კერძო დანაზოგი, რადგან საზოგადოებრივი დანაზოგი არ წარმოიქმნება. კერძო დანაზოგი არის ქვეყნის და სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ დაგროვილი ლიკვიდური აქტივები (მაგალითად, ეროვნული და უცხოური ვალუტა), რომელიც განთავსებულია ირიბი საბაზრო შუამავლების დეპოზიტებზე (მაგალითად, ბანკში) ან/და მიწოდებულია პირდაპირი შუამავლის ბაზრებზე (საფონდო ბირჟა), რის დადასტურებასაც წარმოადგენს შესყიდული ფასიანი ქაღალდები (აქციები, ობლიგაციები და სხვა). იქიდან გამომდინარე, რომ საფონდო ბაზარი საქართველოში არ არის განვითარებული და, შესაბამისად, იგი ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს კაპიტალის ბაზარზე, რადგან საფონდო ბაზრებზე წარმოებული ოპერაციების მასშტაბი უმნიშვნელოა, კერძო დანაზოგი არის ის, რაც განთავსებულია საქართველოს კომერციულ ბანკებში.

საზოგადოების წევრები შემოსავლის ნაწილს ხარჯავენ. აქედან, ნაწილი ხმარდება ქვეყნის გარეთ წარმოებული პროდუქტის და მომსახურების შესყიდვას (იმპორტს), რაც ამცირებს ეროვნულ შემოსავალს. თუმცა, ეროვნული შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს ქვეყნის შიგნით წარმოებული და ქვეყნის გარეთ რეალიზებული პროდუქტი და მომსახურება (ექსპორტი). ამდენად, შესყიდვის დროს, უნდა გაიმიჯნოს ადგილზე შექმნილი საქონლის შესყიდვა და იმპორტი. შესაბამისად, დანაზოგი, ეს არის შემოსავლის ის ნაწილი, რომელიც რჩება ადგილობრივი საქონლის შესყიდვისა და განხორციელებული წმინდა ექსპორტის (ექსპორტსა და იმპორტს შორის არსებული სხვაობის) შედეგად.

საზოგადოებაში 2 შემსყიდველია: მოქალაქე და სახელმწიფო. შესაბამისად, შესყიდვები შესაძლებელია მოვიაზროთ, როგორც სამომხმარებლო და სახელმწიფო შესყიდვები. S = Y-C-G-Nx (სადაც S დანაზოგია, Y – ეროვნული შემოსავალი, G – სახელმწიფო შესყიდვები, Nx – წმინდა ექსპორტი). მოქალაქე დანაზოგს განიხილავს, როგორც მომავალ პერიოდში დასახარჯ შემოსავალს. ამდენად, მანამ, სანამ მომავალი პერიოდი დადგება, მოქალაქე დანაზოგს ანდობს ბანკს და სანაცვლოდ იღებს სარგებელს. სარგებლის სიდიდე (ფასი) დამოკიდებულია დანაზოგების რაოდენობაზე. როდესაც ბანკი კლიენტებს სთავაზობს უფრო მაღალ ფასს (სარგებლის განაკვეთს), ეს დამზოგველებს უფრო მეტი დანაზოგის შექმნისკენ უბიძგებს და პირიქით, როდესაც ფასი მცირდება, დაზოგვის რაოდენობაც მცირდება. ამდენად, ფასი რაოდენობის პირდაპირპროპორციულია, ხოლო დანაზოგი არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც განსაზღვრავს კაპიტალის მიწოდებას სასესხო კაპიტალის ბაზარზე.

თუ საზოგადოების ერთი ნაწილი შემოსავლის ნაწილს განიხილავს, როგორც მომავალი პერიოდის ხარჯებს, საზოგადოების მეორე ნაწილს არ ჰყოფნის მიმდინარე შემოსავალი და გამოთქვამს სურვილს, რომ დახარჯოს მიმდინარე შემოსავალზე უფრო მეტი იმ გათვლით, რომ მომავალში მისი შემოსავალი გაიზრდება (ან ძვირადღირებული საქონლის ხარჯები უნდა გადაანაწილონ საანგარიშო პერიოდის მთლიან შემოსავალზე). რადგან სესხის აღება ნიშნავს აქტივის შესყიდვას, ამას ეწოდება ინვესტიცია. აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ შემდეგი 3 კომპონენტი: საზოგადოების ერთი ნაწილი სესხს იღებს იმისთვის, რომ შეისყიდოს აქტივები უცხოეთში, ხოლო მეორე ნაწილი აქტივებს შეისყიდის ქვეყანაში. ყველაზე მნიშვნელოვანია მესამე კომპონენტი – უცხო ქვეყნის მიერ ქვეყნის შიგნით აქტივების შეძენა, რასაც ეწოდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

მაშასადამე, მოთხოვნას სასესხო კაპიტალზე ქმნიან საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც გამოთქვამენ აქტივების შესყიდვის სურვილს. ამდენად, რეალური მოთხოვნა სასესხო კაპიტალზე განისაზღვრება სამამულო ინვესტიციებითა და სხვაობით ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ქვეყნის შიგნით შესყიდულ აქტივებს შორის (კაპიტალის წმინდა გადინება). ფასი სასესხო კაპიტალზე (რეალური სარგებლის განაკვეთი) განისაზღვრება დანაზოგებისა და სამამულო ინვესტიციებს დამატებული კაპიტალის წმინდა გადინების, ანუ მიწოდებისა და მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, რაც უფრო მაღალია ფასი, მით უფრო ნაკლები ადამიანი და პირიქით, რაც უფრო დაბალია ფასი, მით უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს ქვეყანაში აქტივების შესყიდვის სურვილს. ამდენად, სასესხო კაპიტალის ბაზარზე მიწოდების მრუდი აღმავალია, ხოლო მოთხოვნის მრუდი – დაღმავალი. სახელმწიფოს ჩაურევლობის შემთხვევაში, ფასის ცვლილებას განაპირობებს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, რომელსაც განაპირობებს მოთხოვნის, მიწოდების ან ორივეს ერთად ცვლილება.

ლარის ოდენობა
სავალუტო ბაზარი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სარგებლის განაკვეთზე, რადგან კაპიტალის წმინდა გადინება წარმოადგენს სავალუტო ბაზრის მნიშვნელოვან კომპონენტს. კერძოდ, სხვაობა კაპიტალის გადინებასა და შემოდინებას შორის წარმოქმნის სავალუტო რეზერვების წყაროს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედეგად, უცხოური ვალუტა შემოედინება, რადგან ქვეყნის შიგნით აქტივების შესაძენად, ინვესტორი უცხოურ ვალუტას ცვლის ლარში, ხოლო კაპიტალის გადინების შემთხვევაში, უცხოური ვალუტა გაედინება, რადგან სხვა ქვეყანაში აქტივების შესყიდვის მსურველი ლარს ცვლის უცხოურ ვალუტაში.

რაც უფრო დაბალია კაპიტალის წმინდა გადინების მაჩვენებელი, მით უფრო დიდი რაოდენობის უცხოური ვალუტა შემოედინება. ამდენად, კაპიტალის წმინდა გადინება ქმნის მიწოდებას სავალუტო ბაზარზე. მეორე მხრივ, საზოგადოება და სახელმწიფო, შეისყიდის რა პროდუქციასა და მომსახურებას ბაზარზე, ქმნის მოთხოვნას სავალუტო ბაზარზე. რეალურად, მოთხოვნას წარმოქმნის იმპორტი, რადგან სხვა ქვეყანაში საქონლის შესაძენად იმპორტიორს სჭირდება უცხოური ვალუტა. შესაბამისად, მან ლარი უნდა გადაცვალოს სხვა ქვეყნის ვალუტაზე.

აქვე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოებაც, რომ იმპორტის საწინააღმდეგოდ, ექსპორტი ამცირებს მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე, რადგან სხვა ქვეყანაში გაყიდული საქონლის შედეგად, ადგილი აქვს ადგილობრივ ბაზარზე უცხოური ვალუტის შემოდინებას. ამდენად, რეალურ მოთხოვნას უცხო ვალუტაზე განსაზღვრავს წმინდა ექსპორტი, ანუ სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის. როდესაც იმპორტი აღემატება ექსპორტს, სავაჭრო სალდო უარყოფითია და ეს განაპირობებს მოთხოვნის წარმოქმნას უცხოურ ვალუტაზე. სავალუტო კურსის სიდიდე დამოკიდებულია კაპიტალის წმინდა გადინებისა და წმინდა ექსპორტის სიდიდეებზე. რაც უფრო მაღალია დოლარის ფასი ლართან მიმართებით (რაც უფრო მეტ ლარს იხდიან ერთ აშშ დოლარში), მით უფრო ნაკლებია დოლარზე მოთხოვნის რაოდენობა, რადგან ფასი იმპორტირებულ საქონელზე ძვირდება, რაც ამცირებს იმპორტის რაოდენობას, ხოლო ფასი საექსპორტო საქონელზე მცირდება, რაც იწვევს ექსპორტის რაოდენობის გაზრდას და შედეგად, წმინდა ექსპორტი იზრდება. შესაბამისად, მოთხოვნის ფასი რაოდენობის უკუპროპორციულია და მოთხოვნის მრუდი (წმინდა ექსპორტი) უცხოური ვალუტის ბაზარზე დაღმავალია.

რაც შეეხება კაპიტალის წმინდა გადინებას. იგი სრულიად არამგრძნობიარეა ფასთან (რეალურ სავალუტო კურსთან) მიმართებით, რადგან, ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სურთ აქტივების შეძენა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, განსაზღვრავენ ლარების იმ რაოდენობას, რომელიც უცხოურ ვალუტაზე უნდა გაიცვალოს. მაგალითად, აქციების შესყიდვა ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს შესყიდვის გადაწყვეტილებაზე, როდესაც ლარის რეალური გაცვლითი კურსი იცვლება. შესაბამისად, როგორი მიმართულებითაც არ უნდა შეიცვალოს ლარის რეალური გაცვლითი კურსი, კაპიტალის წმინდა გადინების რაოდენობაზე ეს გავლენას ვერ მოახდენს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კაპიტალის წმინდა გადინების რაოდენობა დამოკიდებულია სარგებლის განაკვეთზე სასესხო კაპიტალის ბაზარზე. ამდენად, სავალუტო ბაზარზე კაპიტალის წმინდა გადინება წარმოქმნის მიწოდებას (სასესხო კაპიტალის ბაზრისგან განსხვავებით, სადაც იგი მოთხოვნას ქმნის), რომელიც გამოისახება ვერტიკალური მრუდის სახით.

ჩვენ მიერ განხილული ღია ეკონომიკის მაკროეკონომიკური მოდელიდან გამომდინარე, შესაძლებელია გავიაზროთ, თუ რა მოხდა საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში რეალური ეკონომიკური ზრდა გაზვიადებული შეფასებით შეადგენს 1%-ს, რაც დანაზოგების ზრდის ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. მაშასადამე, სასესხო კაპიტალის ბაზარზე მიწოდება არ იცვლება.

2012 წელს, 2011 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა 200 მლნ აშშ დოლარით. მიმდინარე სტატისტიკა, კერძოდ, 3 კვარტლის შემაჯამებელი მონაცემები ცხადყოფს, რომ, დიდი ალბათობით, 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა, სულ მცირე, კიდევ 200 მლნ აშშ დოლარით შემცირდება. რაც იმას ნიშნავს, რომ კაპიტალის წმინდა გადინების მაჩვენებელი გაიზრდება, რადგან საქართველოს მოქალაქეების მიერ სხვა ქვეყნებში შესყიდული აქტივების მოცულობა, ერთი მხრივ, უცვლელია, ხოლო მეორე მხრივ, უმნიშვნელოა, რაც მთლიან მაჩვენებელზე გავლენას ვერ მოახდენს. შესაბამისად, სხვაობა კაპიტალის გადინებასა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შორის შემცირდა, რამაც გაზარდა მოთხოვნა სასესხო კაპიტალზე. სავალუტო ბაზარზე, მოთხოვნის რაოდენობა შეესაბამება კაპიტალის წმინდა გადინების მიწოდების რაოდენობას. სავალუტო ბაზარზე მიწოდების რაოდენობის გაზრდამ კი გამოიწვია დოლარის ფასის გაზრდა, რის შედეგადაც ლარი გაუფასურდა (იხ. ნახაზი)

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ფონზე, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი, 2011 წლის ნოემბერთან შედარებით, თითქმის 3%-ით შეამცირა. მიმდინარე დეფლაციის ფონზე, ეროვნული ბანკის პოლიტიკა ემსახურებოდა ერთობლივი მოთხოვნის გაზრდას. შედეგად, გამოყენებულ იქნა მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები, რასაც უნდა ებიძგა ფულის მიწოდების ზრდისკენ ნომინალური საპროცენტო განაკვეთის შემცირების ხარჯზე. მოკლევადიანი კრედიტების ხელმისაწვდომობა მართლაც გაიზარდა. თუმცა, ამ ფაქტმა, მოკლევადიან პერიოდში გამოიწვია მოთხოვნის გაზრდა ადგილობრივ ინვესტიციებზე. შესაბამისად, სასესხო კაპიტალის ბაზარზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა და ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ლარის გაუფასურებას.

როგორც წესი, საბაზრო ფასი აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას გარიგებათა პროცესში მონაწილე მხარეებს იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით უნდა განხორციელდეს საბაზრო ოპერაციები ისე, რომ გარიგება ყველა მონაწილისთვის ურთიერთსარგებლიანი იყოს. როდესაც ბანკებს უჩნდებათ ჭარბი ფულადი რესურსები, ისინი ცდილობენ შემოსავლების გაზრდას ნაკლები საპროცენტო განაკვეთით, უფრო მეტი რაოდენობის კრედიტების გაცემის ხარჯზე. იქიდან გამომდინარე, რომ კრედიტის ხარჯვის სტრუქტურა არ იცვლება და ლომის წილი კვლავ იმპორტის დაფინანსებას მოხმარდება, საერთო ჯამში, ფასების დონე გაიზრდება, რაც ინფლაციის მოლოდინს კიდევ უფრო ზრდის და შემოსავლების გაზრდის ილუზიაც გაქრება.

დავუბრუნდები 8 მარტს გამოქვეყნებულ სტატიას. ეკონომიკა ახალ რეალობაში გადავიდა. საზოგადოება, ჯამში, დაზარალდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იმპორტიორები და მათ მიერ დაქირავებული ადამიანები, რაც ხელს შეუწყობს უმუშევრობის გაზრდას და ეს ფაქტი არსებული სტატისტიკითაც დასტურდება. ლარის გაუფასურების შედეგად, იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასები გაიზრდება.

ქიდან გამომდინარე, რომ იმპორტი შეადგენს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 73%-ს, ეს ფაქტორი უბიძგებს ფასების ზრდისკენ სხვა საქონელზე.

ყველაზე მთავარი კი ამ ისტორიაში ერთობლივი მოთხოვნის ზრდის პოლიტიკაა, რომელიც დაიწყო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების ამოქმედებით, მაგრამ ყველაზე მთავარი წინ გველოდება: დიდი საშინაო ვალით დახუნძლული ბიუჯეტი, რომელიც გაზრდილი სოციალური ვალდებულებების დასაფარად არის გამიზნული. ფაქტია, ინფლაციისთვის ყველანაირი პირობა არის შექმნილი. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტებს, რომ 1) შიდა ვალი მომავალი თაობის (თაობების) გასასტუმრებელია და 2) არის ის ფასი, რასაც შეეძლო დამატებით ეკონომიკა გაეზარდა, ადვილი დასადგენია, თუ რა უჯდება დღევანდელ ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება.

კომენტარები