თბილისის ბიუჯეტი

შიხიაშვილი: ქალაქის მთავრობის გადადგომას ალტერნატივა არ აქვს

ირაკლი შიხიაშვილი
netgazeti.ge

თბილისის ბიუჯეტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ერთადერთი გამოსავალია, რომ ქალაქის მთავრობა გადადგეს. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, თბილისის მერიის მხრიდან მისი ზედამხედველი ორგანოს მიმართ არსებობს დამოკიდებულება, როგორ ოპონენტის მიმართ. "მათთვის ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არის მცდარი დამოკიდებულება, ვინაიდან საკრებულო ახორციელებს ზედამხედველობას და კონტროლს ხარჯვით ნაწილზე", - აღნიშნა შიხიაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, წლების განმავლობაში ვერ შეიქმნა ისეთი სწორი ძალთა ბალანსი მერიასა და საკრებულოს შორის, რომ ხელისუფლება არ ყოფილიყო ერთი პირის, კონკრეტულად თბილისის მერის ხელში. "იმის შემდეგ, როდესაც თბილისის მერი არის ბრალდებული 50 მილიონის არამიზნობრივ ხარჯვაში და მის მიერ არის დანიშნული ის მთავრობა, რომელიც დღესდღეობით ქალაქს მართავს, ხარჯვით ნაწილში როგორ იქნება ის თანხები განკარგული და რამდენად იქნება სამართლიანად განაწილებული და იქნება თუ არა ერთი პოლიტიკური გუნდის, ამ შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობისთვის ხელმისაწვდომი, კვლავ ბიუჯეტის ხარჯზე დაიფინანსოს თვისი საარჩევნო კამპანია, მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი იწვევს გონივრულ და საფუძვლიან ეჭვს", - აღნიშნა შიხიაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ერთადერთი გამოსავალია, რომ გადადგეს მთავრობა და "მივიღოთ ერთად შეჯერებული მთავრობა".

კომენტარები