მერიის მაღალჩინოსნების დაკავება

ომბუდსმენი მთავარ პროკურორს მერიის თანამშრომლების საქმის გამოძიებას სთხოვს

ombudsman.ge

საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს, თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიმართ განხორციელებული შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები გამოიძიოს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, მისმა აპარატმა განიხილა თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების განცხადებები. მათი მიხედვით, 2013 წლის 27 ივნისს, დილის საათებში თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები დააკავეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პიროვნებებმა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩასვეს ავტომობილებში და მიიყვანეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობაში.

"წინამდებარე განცხადებებიდან ასევე ირკვევა, რომ დაკავებისას, ზემოხსენებულ პირებს არ მიეცათ კანონმდებლობით გარანტირებული პროცესუალური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა. თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მტკიცებით, თავდაპირველად ისინი დააკავეს ბრალდებულის სტატუსით, ხელბორკილების გამოყენებით. თუმცა, მოგვიანებით, ხელმძღვანელების მითითების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დახიეს მათი დაკავების ოქმები, ფორმალურად შეადგინეს მოწმის სახით აღნიშნული პირების დაკითხვის ოქმები და გაათავისუფლეს. ამასთან, განმცხადებლების განმარტებით, მათზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა", - აცხადებს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ აპარატმა შემდგომი რეაგირების მიზნით, მთავარ პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

"ვინაიდან, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წერილი შემდგომი რეაგირების მიზნით, გადააგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უარყო თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების ფაქტი, საქართველოს სახალხო დამცველმა გამოიყენა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება და მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების განცხადებებში მითითებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების წინადადებით. საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა სამართალდამცავი პირების მიერ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების განხორციელება. საგამოძიებო ორგანოები ვალდებულნი არიან გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა, რათა ეფექტურად გამოავლინონ დანაშაულებრივი ქმედებები და სათანადო რეაგირება მოახდინონ კანონდარღვევებზე. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლი ადგენს გამოძიების დაწყების მოვალეობას. აღნიშნული მუხლის მიხედვით, „დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება“. ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკონკრეტებულია, რომ გამოძიების დაწყების საფუძველია ნებისმიერი ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, ინფორმაცია დაფიქსირებული იქნება წერილობითი, ზეპირი თუ სხვა სახით", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 27 ივნისს ფინანსურმა პოლიციამ მერიის და საკრებულოს 22 თანამშრომელი დღის განმავლობაში, ორჯერ დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგანგებო განცხადებით, თბილისის რეაბილიტაციის ფონდიდან, თვალთმაქცური ოპერაციების მეშვეობით 50 მილიონი ლარი თბილისის მერიის მაღალჩინოსნებმა გაფლანგეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაული მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და დანაშაულებრივი ხელშეწყობით განხორციელდა.

კომენტარები