მანდატურის სამსახური

სანიკიძე: მანდატურის სამსახურის გაუქმებაზე ინფორმაცია გამიზნული პროვოკაციაა

განათლების სამინისტრო

განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, მანდატურის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია გამიზნული პროვოკაციაა. მისი თქმით, სამინისტრომ შესაბამისი დავალება უკვე გასცა და "გაირკვევა ვინ დგას ამ საქმის უკან". სანიკიძე აღნიშნავს, რომ მანდატურის სამსახურის რეფორმა არაჩვეულებრივად განხორციელდა და სამსახური მუშაობას აგრძელებს.

"თუ საუბარია იმ მუხლზე, რომელიც 2012 წლის ბოლოს ჩაიდო კანონში და ამოქმედდა, ვერ ვხვდები, ამაში რა სიახლე ან გაუგებრობა იყო. დირექტორი ხდება პროცესის თანამონაწილე და დანიშნავს და გაათავისუფლებს მანდატურს. რატომ ნიშნავს ეს იმას, რომ სამსახური უქმდება? ვფიქრობ, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და აუცილებლად გამოვიკვლევთ, თუ ამ ფაქტის უკან ვინმე პროვოკატორი დგას", - განაცხადა სანიკიძემ და აღნიშნა, რომ დირექტორის გადასაწყვეტი არ არის, ეყოლება თუ არა სკოლას მანდატური.

"კანონში წერია, რომ საჯარო სკოლას მანდატური უნდა ჰყავდეს. კანონი იმასაც განმარტავს, ვინ შეიძლება იყოს მანდატური, როგორი მომზადება და კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს მას, შესაბამისად, არსებული სიტუაცია ვერ შეიცვლება და ვერც ფუნქციები შეეცვლებათ. დირექტორი ხდება პროცესის თანამონაწილე, რომ გაიზიაროს ვალდებულება, რაც სკოლას, მანდატურის სამსახურს და განათლების სამინისტროს ერთობლივად გააჩნიათ და რაც არის “უსაფრთხო სკოლის” კონცეფციის განხორციელება. მსგავს პროვოკაციებს არავისგან მოვითმენთ. უკვე გაცემულია შესაბამისი დავალება და გაირკვევა, ვინ დგას ამ საქმის უკან, ვინ ახორციელებს ასეთ პროვოკაციას თანამშრომლებს შორის. ამ ამბის ასე დატოვება არ ღირს, ვინაიდან ეს არის იმ მანდატურების შეურაცხყოფა, ვინც თავის მოვალეობას დღემდე პირნათლად ასრულებს”, - თქვა სანიკიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სკოლის მანდატურები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სამინისტროსგან გარანტიებს მოითხოვენ, რომ მანდატურის სამსახური იფუნქციონირებს და თითოეული მანდატური სამსახურში დარჩება.

"მანდატურების აბსოლუტური უმრავლესობა სკოლაში დღეს არ გასულა სამუშაოდ, იმიტომ, რომ გაურკვევლობაში ვართ. ახლა გვპირდებიან, რომ ვიმუშავებთ, თუმცა 2-3 თვის მერე რა იქნება, არავინ იცის. ჩვენ მოვითხოვთ სამინისტროსგან, რომ გაგვცეს კონკრეტული პასუხი და მოგვცეს გარანტია, რომ მანდატურის სამსახური იმუშავებს და მანდატურის სამსახურის თითოეული თანამშრომელი დარჩება სამსახურში", - განაცხადა ერთ-ერთმა მანდატურმა კობა კუხელაძემ და აღნიშნა, რომ გუშინ Skype-ის საშუალებით განათლების სამინისტრომ ყველა მანდატურს მადლობა გადაუხადა.

"მოგვწერეს, რომ მადლობას გვიხდიან გაწეული სამუშაოსთვის. ასევე მოგვწერეს, რომ მოგვეტანა ინვენტარი სამინისტროში. აქამდე, რაღაც საკითხი როცა იყო გადასაწყვეტი, ყოველთვის განათლების სამინისტროში გვიბარებდნენ, ახლა კი, რატომღაც სოციალური ქსელებით დაიწყეს მადლობების გადახდა", - განაცხადა კუხელაძემ.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში წერია, რომ სკოლა უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გააფორმოს მომსახურების ხელშეკრულება. საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მომსახურება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე, მითითებულია, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით. 

კომენტარები