ეთნიკური უმცირესობები

პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი გახდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში მომუშავე ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა. მარგველაშვილმა პრეზიდენტის მრჩევლად ეთნიკური უმცირესობების საკითხებში თსუ-ის თანამედროვე ბერძნული ფილოლოგიის სრული პროფესორი სოფიო შამანიდი წარადგინა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკურად და კულტურულად ძლიერი საქართველო ეთნიკური უმცირესობების თანამონაწილეობით შეიქმნა.

„საქართველოს უნიკალურობა არ არის მხოლოდ ის, რომ მის ქალაქებსა და სოფლებში მრავალი ერის წარმომადგენელი ერთი მიზნისკენ იღვის. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ იმას, რომ შევქმნათ პირობები და ამ მრავალფეროვნებას უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს ჩვენი ერთიანი ქვეყნის ასაღორძინებლად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სოფიო შამანიდის თქმით კი, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა თავი მეორეხარისხოვან მოქალაქეებად არ იგრძნონ.

„მთავარი პრობლემა იდენტობისა და ტრადიციების შენარჩუნებაა. მე გამოცდილება მაქვს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან მუშაობის მხრივ - თავად ვარ ამ ჯგუფის წარმომადგენელი. გადასარევად ვიცნობ მათ პრობლემებს, ვინაიდან მათთან ყოველდღიური შეხება მაქვს“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში.

კომენტარები