თენგიზ გუნავას საქმე

თენგიზ გუნავა პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

თენგიზ გუნავა
news.ge

სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, სავარაუდოდ, გუნავა გურამ შარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს, რაც მისი თქმით, სრული აბსურდია. წიკლაურის შეფასებით, გუნავას წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური დევნა გრძელდება.

"თენგიზ გუნავა დღესდღეობით არის ნაციონალური მოძრაობის სამდივნოს ოფიციალური წარმომადგენელი სამეგრელოს რეგიონში. ის არის ერთერთი ადამიანი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში. ხელისუფლების ეს ქმედებაც უშუალოდ უკავშირდება ამ არჩევნებს და სამეგრელოში ქართული ოცნების მოახლოებულ მარცხს. მეორე მიზეზად კი, ნაციონალური მოძრაობა ხედავს იმ ფაქტს, რომ ყაჩაღი პროკურორის, ფარცხალაძის გადაყენების შემდეგ, ხელისუფლებას არ სურს რომ შეთხელდეს რიგები პროკურატურასთან, არ სურს რომ შეწყვიტოს პოლიტიკური შურისძიება იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელმაც მიაღწია ამ კრიმინალი და ყაჩაღი პროკურორის გადაყენებას" - აღნიშნავს წიკლაური.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ გუნავას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. ის სამართალდამცავებმა პირველად, 2012 წლის ნოემბერში იარაღთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავეს. იგი სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შედეგად გაათავისუფლა. გუნავა მაშინ აცხადებდა, რომ მას იარაღი და ნარკოტიკები ჩაუდეს. დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გუნავას საქმესთან დაკავშირებით ხუთი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. მეორედ გუნავა სამართალდამცავებმა ნოემბრის ბოლოს დააკავეს, თუმცა ისევ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი 2013 წლის ივლისში დამნაშავედ ცნეს ბრალდების სამი ეპიზოდიდან ორში - ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში. სასამართლომ თენგიზ გუნავა უდანაშაულოდ ცნო ბრალდების მესამე ეპიზოდში ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შესახებ, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსობის პერიოდში მძღოლის დაჭრის ბრალდებას გულისხმობს.

ბრალდების ორ ეპიზოდში, რომელშიც იგი დამნაშავედ ცნეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გუნავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ამნისტიის საფუძველზე ეს სასჯელი 4 წლამდე შემცირდა. ამასთანავე, თენგიზ გუნავას სასჯელის მოხდიდან წელიწადის და ექვსი თვის განმავლობაში თანამდებობების დაკავების უფლება ჩამოერთვა. ის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.

კომენტარები