მუხროვანის ამბოხი

თარგამაძე: მუხროვანის ამბოხზე ხელისუფლებამ ადეკვატური რეაგირება მოახდინა

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გივი თარგამაძემ დღეს, ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოკადრების შესახებ კომენტარი გააკეთა. თარგამაძის თქმით, ვიდეოში ასახულია 2009 წელს მუხროვანში მომხდარი ამბოხი, რომელზეც წინა ხელისუფლებამ ადეკვატური რეაგირება მოახდინა.

"მინდა გითხრათ, რომ 2009 წლის მაისში, საქართველოში განხორციელდა შეიარაღებული ამბოხი, რომელსაც მიზნად ჰქონდა 90-იანი წლების მსგავსი სისხლიანი მოქმედებების გავრცელება მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ამბოხის ორგანიზატორები იყვნენ ბატონი კრიალაშვილი და ოთანაძე, რომლებსაც ზუსტად ანალოგიური ქმედება ჰქონდათ ჩადენილი ადრეც, კერძოდ, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ შეძლო, განსხვავებით შევარდნაძის პერიოდისგან, ერთი დღის მანძილზე სიტუაციის ამოწურვა ისე, რომ ადგილზე არ ყოფილა არათუ გარდაცვლილი, არამედ დაზარალებულიც კი", - განაცხადა გივი თარგამაძემ.

თარგამაძის თქმით, ვიდეოში ვანო მერაბიშვილის მიერ გაჟღერებული ტექსტი ("ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო, პრემია დიდია"), გულისხმობს მოწოდებას სამხედროების მიმართ - იმ შემთხვევაში თუ ამბოხებულები გაწევდნენ წინააღმდეგობას, მოეხდინათ შესაბამისი რეაგირება.

"ეს არის ბრძანება, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს [მერაბიშვილი] იძახის, რომ ორი ადამიანია, ორი ადამიანის დაკავებაა საჭირო და იგულისხმება, რომ თუ ისინი გაწევენ წინააღმდეგობას, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია ძალოვანთა მხრიდან ადეკვატური მოქმედება. ის, რომ ეს არ იყო თვითმიზანი, მგონი ძალიან მარტივად შეიძლება დავასაბუთოთ, როდესაც დაკავების ოპერაციის დროს, ერთ-ერთი იქნა ლიკვიდირებული, მეორე იყო მძიმედ დაჭრილი, იყო სასწრაფოდ იყო გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, კვალიფიციური სარეაბილიტაციო სამედიცინო დახმარება და დღეს ის არა მხოლოდ ცოცხალია, არამედ ჩვენი ქვეყნისდა სამწუხაროდ, სარგებლობს გმირის და პოლიტპატიმრის სტატუსით", - განაცხადა გივი თარგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ Youtube-ზე, სავარაუდოდ, 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა. კადრებში სპეცოპერაციის დაგეგმვაა ასახული. სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, მათ შორის, დათა ახალაია, მსჯელობენ, თუ როგორ იმოქმედონ. ვიდეომასალის მიხედვით, მალევე ვერტმფრენით ჩამოდის და მათ უერთდება იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

"დავკითხოთ ვიღაცეები, სად წავიდნენ... და ფეხდაფეხ მივყვეთ. მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო, პრემია დიდია", - ასე მიმართავს ვანო მერაბიშვილი იქ მყოფ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს, შემდგომში სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს და სხვადასხვა მიმართულებით აგზავნის. ვიდეომასალის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

Youtube-ზე ხსენებული ვიდეო სამი საათის წინ აიტვირთა. მის განმთავსებელს სხვა ვიდეო საკუთარ ანგარიშზე ატვირთული არ აქვს.

კომენტარები