მუხროვანის ამბოხი

ბრაიზა: ანტიტერორისტული ოპერაციისას, შესაძლოა, რამდენიმე გვამი მოითხოვო

United States Mission Geneva

მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებულ სკანდალურ ვიდეომასალას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე სამხრეთ კავკასიის საკითხებში. მეთიუ ბრაიზას თქმით, ცალკეულ შემთხვევებში, მაგალითად, ანტიტერორისტული ოპერაციისას, შესაძლოა, მსგავსი ტერმინოლოგიით ისაუბრო.

"მესმის, რომ, სავარაუდოდ, ამ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყება. რაც ვფიქრობ, მართებულია. მაგრამ საკუთარი დიპლომატიური გამოცდილებიდან შემიძლია, გითხრათ, რომ მნიშვნელოვანია კონტექსტი. რა სიტუაცია იყო? იყო თუ არა ეს ანტიტერორისტული ოპერაცია? ასეთ დროს შეიძლებოდა გეთქვა, მე მინდა რამდენიმე გვამი. სამწუხაროდ, ამ საკითხზე მეტი არაფერი ვიცი. თუმცა, ცალსახაა, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს", - თქვა ბრაიზამ.

ცნობისთვის, გუშინ Youtube-ზე 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა. კადრებში სპეცოპერაციის დაგეგმვაა ასახული. სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, მათ შორის, დათა ახალაია, მსჯელობენ, თუ როგორ იმოქმედონ. ვიდეომასალის მიხედვით, მალევე ვერტმფრენით ჩამოდის და მათ უერთდება იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

"დავკითხოთ ვიღაცები, სად წავიდნენ... და ფეხდაფეხ მივყვეთ. მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო, პრემია დიდია", - ასე მიმართავს ვანო მერაბიშვილი იქ მყოფ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს, შემდგომში სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს და სხვადასხვა მიმართულებით აგზავნის. ვიდეომასალის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. მის განმთავსებელს სხვა ვიდეო საკუთარ ანგარიშზე ატვირთული არ აქვს.

კომენტარები