მუხროვანის ამბოხი

ამირიძე და ოთანაძე: სამხედრო მეთაურებს ჰქონდათ პროტესტი

მუხროვანის ამბოხში მსჯავრდებული და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები Youtube-ზე გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურებიან. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე მაიორმა ლევან ამირიძემ განაცხადა, სამხედრო მეთაურებს ჰქონდათ პროტესტი მაშინდელი ხელისუფლების მიმართ.

"იმ პერიოდში იყო კრიზისული სიტუაციები, სამთვიანი აქციები, კარვების ქალაქად გამოცხადდა რუსთაველის გამზირი, იყო წინაპირობა, რომ გამეორებულიყო 7 ნოემბერი. ანუ ხელისუფლება აპირებდა წინასააღლუმო მზადების ჩატარებას, რასაც თავისთავად მოჰყვებოდა კარვების ქალაქის აღება და უნდა გამოყენებულიყო ძალა. მე ვიყავი სპეცოპერაციების დაჯგუფების რეინჯერთა ბატალიონის მეთაური. კარგად მქონდა შესწავლილი მაშინდელი ხელისუფლების და მმართველობის ფსიქოლოგია და ზუსტად ვიცოდი, რომ არ დაიხევდნენ უკან არაფერზე, რაც მოგვიანებით შეასრულა 26 მაისს მიხეილ სააკაშვილმა და ჩვენ ვნახეთ შემოდებული გვამები სახურავებზე. ეს მოხდებოდა 2009 წლის მაისშიც", - ამბობს ამირიძე.

კიდევ ერთი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულის, პოლკოვნიკ კობა ოთანაძის თქმით, სამხედრო ბაზაზე მისვლას და წამოსვლას აპირებდნენ, თუმცა, ვეღარ მოასწრეს.

"მივედით ბაზაზე და ვაპირებდით წამოსვლას. სასამართლო პროცესები თუ გინახავთ, იქ არცერთ ჯარისკაცს არ ვუნახივართ. პროტესტის გამოხატვაც ვერ მოვახერხეთ. როგორც კი შევედით სამხედრო ნაწილში, სამხედრო ნაწილს დაარტყეს ალყა, უკვე დაგეგმილი პროვოკაცია იყო. პროტესტისთვის ვემზადებოდით, უნდა მოეწვიათ ჟურნალისტები, მეთაურებს გამოეხატათ პროტესტი და დაეტოვებინათ სამხედრო ნაწილი, გადამდგარიყვნენ თანამდებობიდან", - ამბობს ოთანაძე.

ცნობისთვის, გუშინ Youtube-ზე 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა. კადრებში სპეცოპერაციის დაგეგმვაა ასახული. სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, მათ შორის, დათა ახალაია, მსჯელობენ, თუ როგორ იმოქმედონ. ვიდეომასალის მიხედვით, მალევე ვერტმფრენით ჩამოდის და მათ უერთდება იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

"დავკითხოთ ვიღაცები, სად წავიდნენ... და ფეხდაფეხ მივყვეთ. მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო, პრემია დიდია", - ასე მიმართავს ვანო მერაბიშვილი იქ მყოფ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს, შემდგომში სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს და სხვადასხვა მიმართულებით აგზავნის. ვიდეომასალის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. მის განმთავსებელს სხვა ვიდეო საკუთარ ანგარიშზე ატვირთული არ აქვს.

შეგახსენებთ, 2009 წლის 5 მაისს თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ განაცხადა, რომ მუხროვანში განთავსებულმა სატანკო ბატალიონმა ამბოხება მოაწყო. მანამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩაშალა "სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხების გეგმა, რომელიც კოორდინირებული იყო რუსეთთან" და რომლის ორგანიზატორებიც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ. ამასთან, გაავრცელა ფარული ვიდეოჩანაწერი თუ როგორ იგეგმებოდა მუხროვანის ამბოხი. 

ოფიციალური ინფორმაციით, მუხროვანის ინციდენტის შემდეგ, სამხედრო ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებულებმა - გია კრიალაშვილმა, კობა ოთანაძემ და ლევან ამირიძემ ალყაშემორტყმული მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან გაპარვა მოახერხეს და მათ პოლიცია 16 დღის განმავლობაში ეძებდა. სამინისტრომ 50 000 ლარის ოდენობის ჯილდო დააწესა ძებნილების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. თუმცა, მოგვიანებით ოთანაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის თანხა 200 000 ლარამდე გაიზარდა.

2009 წლის 21 მაისს კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინა ღამეს, სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა მუხროვანის ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გია კრიალაშვილი, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე დაიჭრნენ.

"ძებნილებმა პოლიციას გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა, ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალა გია კრიალაშვილი, დაიჭრა კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე, რომლებიც დაკავებულები და მოთავსებულები არიან საავადმოფოში", - აცხადებდა მაშინ შსს.

მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა საქმის გამოძიება ცხრა თვეში დასრულდა. მოსამართლემ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს - ლევან ამირიძეს 28 წლით, კობა ოთანაძეს - 29 წლით, მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს - შოთა (მამუკა) გორგიაშვილს კი 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამივე მათგანს ბრალად ედებოდა ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით. დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ. ისინი ახალმა ხელისუფლებამ 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრების სტატუსით გაათავისუფლა.

კომენტარები