2013 წლის ბიუჯეტი

ონოფრიშვილი: 2013 წლის ბიუჯეტს 600 მილიონ ლარზე მეტი დააკლდა

www.gd.ge

2013 წლის ბიუჯეტს 600 მილიონ ლარზე მეტი დააკლდა. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე კომენტირებისას განუცხადა. დოკუმენტის მიხედვით, 2013 წლის ბიუჯეტი მხოლოდ 91.7%-ით შესრულდა.

"ეს ცუდია, მაგრამ ეს არის გამოწვეული იმით, რომ ეკონომიკა არა ექვსი პროცენტით, არამედ 3,5%-ით გაიზარდა. დღგ პირდაპირ არის დამოკიდებული ეკონომიკის აქტიურობასა და ზრდაზე. შესაბამისად, ამდენი შემოსავალი ვერ შემოვიდოდა", - განაცხადა ონოფრიშვილმა.

სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2013 წლის ბიუჯეტის 12 თვის ანგარიშგების მიხედვით, თითქმის ვერცერთმა ძირითადმა გადასახადმა - მოგების, საშემოსავლო, საქონელსა და მომსახურებაზე, დღგ - ბიუჯეტს წინასწარ დაგეგმილი შემოსავლები ვერ მოუტანა. განსაკუთრებით შემცირდა დღგ-თი მიღებული შემოსავლები: ბიუჯეტმა საპროგნოზო მოცულობის მხოლოდ 83.7% მიიღო. ერთადერთი გადასახადი, საიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა საპროგნოზო მოცულობას 8.9%-ით გადააჭარბა, აქციზის გადასახადია.

აქციზის გადასახადი მთავრობამ 2013 წლის სექტემბერში გაზარდა. მაშინ ის ამბობდა, რომ ამ გადაწყვეტილებას ფისკალური დატვირთვა არ ჰქონდა და ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. საპარლამენტო უმცირესობამ ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა და თამბაქოს გაძვირებას, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში გაჩენილი სერიოზული პრობლემის მოგვარების პრიმიტიული მცდელობა უწოდა. 

2014 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობა 600 მილიონი ლარის ოდენობის შიდა ვალს აიღებს, თუმცა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, ვალის აღება ბიუჯეტის შემოსავლების კლებასთან კავშირში არ არის (ძველი ვალის დიდი ნაწილის გადაფარვა უნდა მოხდეს) და ამ თანხებით სოციალური ვალდებულებების შესრულება არ იგეგმება. 

კომენტარები