ჯანდაცვა

მსოფლიოში ყველაზე დაბალი ფასი ეგვიპტის შემდეგ

ანუკა გოგოსაშვილი
0 კომენტარი

ახალი წლიდან საქართველოში

„27 წლის ასაკში ჩემს მეუღლესთან ერთად ინგლისში გავემგზავრე, რათა მაგისტრატურაში მესწავლა. იქ რომ ჩადიხარ, აკეთებ რუტინულ ანალიზებს. აი, ასე შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ მაქვს C ჰეპატიტი. საოცარი განცდაა, როდესაც გეუბნებიან, რომ ინფიცირებული ხარ. ერთი მხრივ, არანაირი სიმპტომი არ გაქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, როცა გიყვებიან, რა ხდება შენს ორგანიზმში, ეს ინფორმაცია იწყებს ფსიქოლოგიურად შენ წინააღმდეგ მუშაობას. ნელ-ნელა საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს იწვევს ემოციურად და შემდგომ ფიზიოლოგიურადაც. ხვდები, რომ ეს ისეთი მარტივი არაა, როგორც შენ გგონია. დაავადება საკმაოდ შორს იყო წასული. ექიმების თქმით, დაახლოებით 15 წელი ვცხოვრობდი ჰეპატიტთან ერთად. სტიგმა იყო იმდენად ძლიერი, რომ ჩემი დაავადების შესახებ არავისთან არ მინდოდა საუბარი. ვიცოდი, რომ როგორც კი დაიწყებ საუბარს C ჰეპატიტზე, მაშინვე მიგიჩნევენ ნარკომომხმარებლად. ეს შენთვის ნიშნავს იმას, რომ კარიერა, რომლისთვისაც ამდენი ხანი შრომობდი, დაგენგრევა", – ჰყვება BBC-ის საერთაშორისო ახალი ამბების პროდიუსერი, ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი. დღეს ირაკლი C ჰეპატიტის პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას – „C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანება" – უდგას სათავეში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 150 მილიონი ადამიანია დაავადებული ქრონიკული C ჰეპატიტით. ყოველ წელს მათ რიცხვს 3-4 მილიონი ემატება. საქართველოში, 2002 წლის მონაცემებით, C ჰეპატიტის ვირუსით 200 000 ადამიანია ინფიცირებული. ეს ზრდასრული მოსახლეობის 6.7%-ია (ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის და შიდსის ცენტრის კვლევა, 2002).

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის თქმით, C ჰეპატიტით ინფიცირების შემდეგ პაციენტთა 15% მკურნალობის გარეშე იკურნება, დანარჩენი 85% გადადის ქრონიკულ ინფექციაში, რომელიც შესაძლებელია გადაიზარდოს ციროზსა და ღვიძლის კიბოში. C ჰეპატიტით ინფიცირებულთა უმეტეს ნაწილს, რომლებსაც ციროზი და კიბო არ აქვთ განვითარებული, კლინიკურად არაფერი აწუხებთ. უფრო მცირე ნაწილს კი ისეთი სიმპტომები აღენიშნება, როგორიცაა საერთო სისუსტე, დაბალი სიცხეები, სიმძიმის შეგრძნება მუცლის არეში, უმადობა, სახსრების და კუნთების ტკივილი, დეპრესია, მოუსვენრობა... სიმპტომები იმდენად არასპეციფიკურია, რომ კლინიკურად C ჰეპატიტის დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. ერთადერთი გზა არის ლაბორატორიული დიაგნოზი.

დღეს C ჰეპატიტის სამკურნალო ანტივირუსული პრეპარატების წყალობით ინფექცია განკურნებადია, თუმცა განკურნების შანსი ვირუსის გენოტიპის მიხედვით 70%-დან 85%-მდე ვარირებს. სრული დიაგნოსტიკის ღირებულება, რომელიც მკურნალობის საკითხის გადასაწყვეტად არის საჭირო, საშუალოდ 1000-1600 ლარია. მკურნალობის ხანგრძლივობა C ჰეპატიტის ვირუსის გენოტიპზეა დამოკიდებული და ექვს თვეს ან ერთ წელს მოიცავს. ასევე ვირუსის გენოტიპზეა დამოკიდებული, პაციენტს ორ თუ სამ პრეპარატიანი კურსი დასჭირდება. მსოფლიოს მასშტაბით ერთი და იმავე წამლის ფასი ქვეყნების მიხედვით ცვალებადია. საქართველოში С ჰეპატიტის ანტივირუსული წამლების ფასი ერთ-ერთი ყველაზე ძვირია მსოფლიოში. მკურნალობის კურსი ორი პრეპარატით დაახლოებით 10 000-დან 20 000 ლარამდე ჯდება, რაც დამოკიდებულია მკურნალობის ხანგრძლივობაზე, ხოლო სამმაგი თერაპია – 45 000-დან 100 000 ლარამდე მერყეობს. მკურნალობა საქართველოში საკუთარი სახსრებით დღემდე 2 000-ზე ცოტა მეტმა პაციენტმა გაიარა. ეს არის ის მონაცემები, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფოს ჩარევამდე.

გასული წლის სექტემბერში C ჰეპატიტის დაფინანსების საკითხს გამოეხმაურა იმდროინდელი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი: „მივიღეთ C ჰეპატიტის მკურნალობის გადაწყვეტილება. მოვახერხეთ, რომ მცირე ფასებში შეგვეძინა წამალი, რომელიც ძალიან ძვირია. მკურნალობა უფასო იქნება არამარტო ციხეებში. ასეთ ძვირადღირებულ მკურნალობას მალე უფასოს გავხდით საქართველოში". მიუხედავად პრემიერის განცხადებისა, გასული წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებული ტენდერი, რომელიც გამოცხადდა პენიტენციარულ სისტემაში მყოფი პაციენტებისთვის მედიკამენტების შესაძენად, უშედეგოდ დასრულდა.

ტენდერი განმეორებით 2013 წლის დეკემბერში ჩატარდა, რის შედეგადაც წამლის ახალი ფასი მივიღეთ. მკურნალობის კურსი ორი პრეპარატით ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 7 500 ლარი ეღირება, მათთვის, ვისაც ექვსთვიანი მკურნალობის პერიოდი დასჭირდება, ფასიც შესაბამისად განახევრდება და ორი პრეპარატით მკურნალობის 6-თვიანი კურსი 3 750 ლარს გაუტოლდება. დეკემბრის ტენდერით დადგენილი ფასით, საქართველო 2014 წლიდან C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების სიიაფით მსოფლიოში მეორე ადგილზე იქნება ეგვიპტის შემდეგ.

2014 წლიდან სახელმწიფოს მიერ შეძენილი წამლით ორი წლის განმავლობაში 1000 პატიმარი С ჰეპატიტის მკურნალობას უფასოდ გაივლის. ცვლილებები შეეხება სამოქალაქო სექტორსაც, კერძოდ, ტენდერის პირობების თანახმად, სახელმწიფოს მიერ წამალში გადახდილი ფასი ორი წლის განმავლობაში 10 000 მოქალაქეზე გავრცელდება. აქამდე არსებული გლობალური ფონდის ტენდერები არ უზრუნველყოფდა ფასების ვარდნას საცალო გაყიდვებზე და ფასები სამოქალაქო სექტორისთვის მაღალი რჩებოდა.

საქართველოში ამ დრომდე მხოლოდ იმ პაციენტების მკურნალობა ფინანსდება, რომელთაც C ჰეპატიტის ინფექციასთან ერთად აივ ინფექცია/შიდსიც აქვთ, პროგრამა 2011 წლიდან ფუნქციონირებს და მას გლობალური ფონდი სრულად აფინანსებს. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით: „იგეგმება „ახალი ჩართვის ჯგუფის" იდენტიფიკაცია, რომელზეც გავრცელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსება". სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის თქმით: „დღემდე, გლობალური ფონდის ბენეფიციართა გარდა, ასევე დაფინანსდა რამდენიმე ათეული შემთხვევა იმ პატიმრებისა, რომლებმაც მიმართეს ეროვნულ თუ საერთაშორისო სასამართლოს. ეს იყო შემთხვევები, რომელთა საქმის წარმოება დასრულებული არ იყო, მაგრამ პროცესის მოსალოდნელი წაგების გამო სახელმწიფო დათანხმდა დაფინანსებას.

არჩილ თალაკვაძემ ცალკე გამოყო ის ოთხი შემთხვევა, როდესაც C ჰეპატიტით დაავადებული პატიმრების საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა და დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა. სახელმწიფოს დაეკისრა კონკრეტული ვალდებულებები, რაც მისი ხარჯით ანტივირუსულ მკურნალობასა და ფინანსურ ჯარიმას გულისხმობდა. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოში უკვე აქტიური განხილვის ფაზაში იყო დაახლოებით 80-მდე საჩივარი. ეს ნიშნავს, რომ თუკი ვითარება არ შეიცვლებოდა, მაქსიმუმ 2 წელიწადში საქართველო კიდევ 80 საქმეს წააგებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტენდერის შედეგად დადგენილი ფასი, რომელიც 10 000 მოქალაქეზე გავრცელდება, აქამდე არსებულ ფასთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია, ის პაციენტთა უმრავლესობისთვის კვლავ მიუწვდომელია. ფასების დაწევის ერთ-ერთი მასტიმულირებელი კი კონკურენციაა. ფონდ ღია საზოგადოება- საქართველოს ზიანის შემცირების მიმართულების კოორდინატორი მარი ჩოხელი ეგვიპტური მედიკამენტის დარეგისტრირების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით: „მსოფლიოში და საქართველოშიც დღესდღეობით ბაზარზე მხოლოდ ორი ფარმაცევტული კომპანია არსებობს – როშე და მერკი, რომლებიც მეტწილად ერთმანეთთან შეთანხმებული არიან, ამიტომ ფასებში სხვაობა მაქსიმუმ 1-2 დოლარი გახლავთ. ბაზარზე ახალი კომპანიის გამოჩენა კონკურენციას შექმნის, რაც გამოიწვევს ფასის საგრძნობ დაკლებას. ამ მხრივ, საინტერესოა ეგვიპტის მაგალითი: იქ იგივე მედიკამენტი სხვა ბიოლოგიური მასალიდან შეიქმნა, პირველად ეს მედიკამენტი 2006 წელს გამოჩნდა და მისი ფასი 1800 დოლარამდე იყო. იმავე წელს ეგვიპტეში ფარმაკომპანიების – როშეს და მერკის ანტივირუსული წამლების ფასი 2 000 დოლარს ჩამოსცდა". (ფასები შეესაბამება 48-კვირიანი მკურნალობის დოზას).

საქართველოში ეგვიპტური მედიკამენტის დარეგისტრირება ვერ მოხერხდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით: „ჩვენთან IV ტიპის გენოტიპით ავადობა არ არის, ხოლო ეგვიპტური პრეპარატი მოქმედებს მხოლოდ ამ ჯგუფზე. შესაბამისად, ამ პრეპარატის რეგისტრაციას თუ შეძენას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს". ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის თქმით: „წამლის სააგენტოს მხრიდან ეგვიპტური მედიკამენტის დარეგისტრირებაზე უარის საფუძველი არის ის, რომ კლინიკური გამოცდების უმრავლესობა ჩატარებულია ვირუსის მეოთხე გენოტიპზე, საქართველოში კი I, II და III გენოტიპებია გავრცელებული, ამიტომ კვლევები არასაკმარისად ჩაითვალა. უბრალოდ, ნაწილი ექიმებისა ვამბობდით იმას, რომ შესაძლებელი იყო მედიკამენტი დარეგისტრირებულიყო IV გენოტიპზე და მერე ექიმებს პირადი გადაწყვეტილებით გამოეყენებინათ სხვა გენოტიპებზე". მარი ჩოხელი ამატებს: „იანვარში ველოდებით კვლევას, რომელიც დაადასტურებს, რა სხვაობაა ამ მედიკამენტებს შორის. თუმცა სხვადასხვა კვლევებით უკვე დასტურდება, რომ ყველა მედიკამენტი თანაბრად არის ეფექტური სხვადასხვა გენოტიპებზე, განსხვავება არის მკურნალობის ხანგრძლივობაში".

კიდევ ერთი პრობლემატური საკითხი, რაც C ჰეპატიტის ირგვლივ ტრიალებს, არის პრევენცია. რადგან С ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის გადადების მთავარი გზა პარენტერალური ანუ სისხლისმიერია, შესაბამისად, საჭიროა ყურადღება მიექცეს სტერილიზაციის ნორმების დაცვას სამედიცინო დაწესებულებებსა და სილამაზის სალონებში.

ამ ფონზე, 2006 წელს სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია, რომელსაც სტომატოლოგიური კაბინეტებისა და სილამაზის სალონების კონტროლი ევალებოდა, გაუქმდა და სახელმწიფოში არ არსებობს ორგანო, რომელიც სტერილიზაციის ნორმის კონტროლით იქნება დაკავებული. დავით სერგეენკო უახლოეს მომავალში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს: „სტომატოლოგიურ კაბინეტებზე უკვე იქნა მიღებული დადგენილება ინფექციებზე კონტროლის გამკაცრებაზე. ამას გარდა, უახლოეს პერიოდში ძალაში შევა „უსაფრთხო სისხლის" ახალი პროგრამა, რომელიც გაზრდის სისხლის ბანკებში ინფექციებზე კონტროლს და რადიკალურად შეამცირებს სისხლის პროდუქტებით დასნებოვნებას. ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა ქირურგიული ინსტრუმენტების სტერილიზაციის და სამედიცინო ნარჩენების მართვის გაუმჯობესებაზე და უახლოეს პერიოდში ახალი რეგულაცია შევა ძალაში".

ირაკლი იმნაიშვილს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებსა და სილამაზის სალონებში არასათანადო სტერილიზაციის პირობებზე საუბრობს, ეგვიპტის მაგალითი მოჰყავს: „ეგვიპტეში ყოველწლიურად 60 000 პაციენტი გადის მკურნალობას მთავრობის სრული დაფინანსებით, მაგრამ პარალელურად, ყოველწლიურად 100 000 ახალი ინფიცირებული ჩნდება, ანუ გამოდის, რომ არათუ ერთ ადგილზე დგანან – სინამდვილეში, უკან იწევენ. მიზეზი არის ის, რომ არ ხდება პრევენცია. C ჰეპატიტის მთავარი გამომწვევი მიზეზი არის ძალიან დაბალი ჯანდაცვის სტანდარტი ქვეყანაში. როგორც ჩანს, პრევენცია საკმაოდ რთულია. ამ მიმართულებით საქართველოში არ გადადგმულა ეფექტური ნაბიჯები. მე ამას დავარქმევდი ნომერ პირველ პრობლემას! ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირება. ჩემთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე მეტად პრობლემატურია არასათანადო ინფორმირება. არ ვამბობ, რომ მკურნალობის ხელმისაწვდომობა უნდა უგულებელვყოთ, თუმცა ინფორმაციის ვაკუუმი გვაქვს. ძალიან ბევრი მითი დადის C ჰეპატიტის შესახებ. გარემოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ყველაზე ხშირად გარემო იცვლება სათანადო ინფორმირებით. მაგალითად, თუ იცი, რომ ხელის ჩამორთმევით დაავადება არ გადადის და ისიც იცი, თუ როგორ ხდება C ჰეპატიტით ინფიცირება, შესაბამისად, დაავადებული ადამიანის მიმართ შენი დამოკიდებულება ხდება ადეკვატური. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ავადმყოფებმაც და საზოგადოების წევრებმაც გაიაზრონ, თუ რამხელა ზიანი მოაქვს ალკოჰოლს და ცხოვრების ქართულ წესს C ჰეპატიტით ინფიცირებულთათვის".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები