თბილისის ბიუჯეტი

მერია: შიხიაშვილის მოთხოვნა თბილისში თვითმმართველობის გაუქმებას ემსახურება

Wikipedia

თბილისის მერია საკრებულოს თავმჯდომარის იმ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ირაკლი შიხიაშვილი დედაქალაქის მთავრობის გადადგომას ითხოვს. 

"საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სამსახურების უფროსების, გამგებლებისა თუ მერის მოადგილების გადადგომასთან დაკავშირებით, რომლებიც პირდაპირი წესით არჩეული თბილისის მერის მიერ დანიშნული საჯარო მოხელეები არიან, კვლავ ამტკიცებს ირაკლი შიხიაშვილისა და საკრებულოს ქართული ოცნების პოლიტიკურად მოტივირებულ, გაუმართლებელ ახირებას, რაც საბიუჯეტო პროცესის ჩიხში შეყვანასა და, საბოლოოდ, თბილისში თვითმმართველობის გაუქმებას ემსახურება", - აცხადებს თბილისის მერია.

ამასთან, დედაქალაქის მთავრობა მიესალმება შიხიაშვილის განცხადებას, რომ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ქმედებები დაიწყოს.

"თუმცა სამწუხაროა, რომ საკრებულოს უმრავლესობამ მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გაიაზრა ის პრობლემები, რაც თბილისელებს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობით შეექმნებათ. თბილისის მთავრობა ერთი თვის განმავლობაში მიმართავდა საკრებულოს წევრებს, მეტი პასუხისმგებლობა გამოეჩინათ აღნიშნული საკითხის მიმართ, რათა დედაქალაქი მთავარი ფინანსური დოკუმენტის გარეშე არ დარჩენილიყო. ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ, საკრებულოს თავმჯდომარის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ხანგრძლივი მივლინების დროს მონაწილეობა მივიღოთ კომისიებისა და ფრაქციების მუშაობაში, შევხვდეთ საკრებულოს წევრებსა თუ საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს და ნებისმიერი მათი გონივრული წინადადება გავიზიაროთ. თუ მათ რეალურად სურთ თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება და არ აგრძელებენ საზოგადოების მოტყუებას, საფინანსო დოკუმენტთან დაკავშირებული შენიშვნები წერილობითი ფორმით მოგვაწოდონ, რათა ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი კვლავ ხელოვნურად არ გაჭიანურდეს", - აცხადებს თბილისის მერია. 

ცნობისთვის, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი დედაქალაქის მთავრობის გადადგომის ინიციატივით დღეს გამოვიდა. შიხიაშვილი მიიჩნევს, რომ დედაქალაქს მრავალპარტიული მთავრობა უნდა ჰყავდეს. 

თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდა. 29 დეკემბერს, დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა, 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.

20 იანვარს, თბილისის მერიამ საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი ხელმეორედ შეიტანა. უმცირესობის წევრების განცხადებით, დოკუმენტი მაქსიმალურად ოპტიმალურია. უმრავლესობის წევრების მტკიცებით კი, მერიას არ წარუდგენია ისეთი ბიუჯეტი, როგორსაც საკრებულო ითხოვს.

 

კომენტარები