თბილისის ბიუჯეტი

ახვლედიანი: შიხიაშვილის წინადადება კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს

timer.ge

თბილისის საკრებულოს უმცირესობის წევრის მამუკა ახვლედიანის თქმით, ირაკლი შიხიაშვილის წინადადება თბილისის მთავრობის გადადგომის შესახებ, კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობისთვის პრობლემიდან გამოსავლის ძიებაზე ფიქრი მისაღებია, თუმცა თბილისის მთავრობისადმი უნდობლობა - მიუღებელი.

"ცუდია, რომ თბილისის მთავრობისადმი ნდობა ეჭვქვეშ კიდევ ერთხელ დგება. ამ ფორმატის საუბრის წარმართვა კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს", - თქვა ახვლედიანმა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა ბიუროს გაფართოებულ სხდომაზე საკრებულოს წევრებს თბილისის მთავრობის გადადგომის წინადადებით მიმართა. შიხიაშვილის წინადადებაა, იმუშაონ მრავალპარტიული სპექტრის დედაქალაქის მთავრობის შესაქმნელად.

"ჩვენი მოთხოვნაა, ჩამოვაყალიბოთ დედაქალაქის ახალი მთავრობა, ამაში მონაწილეობა მიიღოს საკრებულოში წარმოდგენილმა ყველა პარტიამ, რათა საზოგადოებას მეტი კონტროლი ჰქონდეს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. უნდა ჩამოვაყალიბოთ დედაქალაქის ისეთი მთავრობა, რომლის მიმართ ეჭვი არავის ექნება და იარსებებს ურთიერთნდობა. ამის შემდეგ აღარ იქნება საბაბი და უსაგნო დავა, რომ ვინმე ქალაქის ბიუჯეტში ხელს აფათურებს", - აღნიშნა შიხიაშვილმა.

შიხიაშვილის თქმით, ზემოაღნიშნულით უმრავლესობას სურს, გაზარდოს ნდობა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და წინასაარჩევნოდ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს განცდა, რომ ვინმეს ბიუჯეტში ხელის ფათურის საშუალება ექნება.

კომენტარები