თბილისის ბიუჯეტი

ყოფილი ნაციონალების გადადგომის შემთხვევაში, თბილისის მთავრობაც გადადგება

primetimenews.ge

თბილისის მერია დედაქალაქის მთავრობის გადადგომის სანაცვლოდ წინაპირობას აყენებს. მერის მოვალეობის შემსრულებლის სევდია უგრეხელიძის განცხადებით, თბილისის მთავრობის წევრები მზად არიან, ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ გადადგნენ, თუმცა, მისი თქმით, სანაცვლოდ თანამდებობები უნდა დატოვონ ირაკლი შიხიაშვილმა და საკრებულოს კომისიების იმ თავმჯდომარეებმა, რომლებიც საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წარდგინებით მოხვდნენ და ქართულ ოცნებაში მოგვიანებით გადავიდნენ.

"ირაკლი შიხიაშვილის შეთავაზება მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამოა, ვინაიდან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დასახელებული პირები საჯარო მოხელეები არიან და მათი უმეტესობა თანამდებობაზე დანიშნულია კონკურსის წესით. სისხლის სამართლის კოდექსით, პირის იძულება, დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, დანაშაულია. ამის მიუხედავად, თუ შიხიაშვილის შეთავაზებაც საზოგადოების მოტყუებას და დროის გაყვანას არ ემსახურება, ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მზად ვართ, შევასრულოთ მისი ეს ახირება და დასახელებული თანამდებობის პირები მზადყოფნას გამოთქვამენ, თანამდებობიდან გადადგნენ, თუ გადადგება შიხიაშვილი და კომისიის ის თავმჯდომარეები, ვინც ნაციონალური მოძრაობის წარდგინებით მოხვდნენ საკრებულოში და შემდეგ გადაბარგდნენ ქართულ ოცნებაში, მიიღეს ინდულგენციები და წყალობა", - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

ამასთაბ, თბილისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს, ირაკლი შიხიაშვილის აშშ-ში მივლინების პერიოდში, მონაწილეობა მიიღოს კომისიების და ფრაქციების მუშაობაში და გაიზიაროს დაინტერესებული პირების გონივრული მოსაზრებები, რათა პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე დედაქალაქი მთავარი ფინანსური დოკუმენტის გარეშე არ დარჩეს. 

ცნობისთვის, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი დღეს დედაქალაქის მთავრობის გადადგომის ინიციატივით გამოვიდა. შიხიაშვილი მიიჩნევს, რომ დედაქალაქს მრავალპარტიული მთავრობა უნდა ჰყავდეს. მერიის განცხადებით კი, საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნა "კვლავ ამტკიცებს ირაკლი შიხიაშვილისა და საკრებულოს ქართული ოცნების პოლიტიკურად მოტივირებულ, გაუმართლებელ ახირებას, რაც საბიუჯეტო პროცესის ჩიხში შეყვანასა და, საბოლოოდ, თბილისში თვითმმართველობის გაუქმებას ემსახურება".

თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდა. 29 დეკემბერს, დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა, 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.

20 იანვარს, თბილისის მერიამ საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი ხელმეორედ შეიტანა. უმცირესობის წევრების განცხადებით, დოკუმენტი მაქსიმალურად ოპტიმალურია. უმრავლესობის წევრების მტკიცებით კი, მერიას არ წარუდგენია ისეთი ბიუჯეტი, როგორსაც საკრებულო ითხოვს.

კომენტარები