თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

აეროპორტში მომხდარი ინციდენტის მიზეზი ტექდათავლიერების შემდეგ გაირკვევა

ავიაკომპანია პეგასუსის წარმომადგენლის ზურაბ ახალაძის განცხადებით, ტექნიკური დათვალიერების შემდეგ გაირკვევა, თუ რატომ ვერ შეძლო კომპანიის კუთვნილმა ავიალაინერმადღეს დილით თბილისიდან სტამბულში გაფრენა. მისივე ცნობით, აფრენის დროს ბორტი გადავიდა საფრენი ბილიკიდან და აფრენა ვეღარ შეძლო. ახალაძემ უარყო ინფორმაცია, რომ ინციდენტის მიზეზი მოყინული ასაფრენი ბილიკი გახდა.

პეგასუსის წარმომადგენლის თქმით, თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია მოხდა და ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ახალაძის თქმით, თვითმფრინავს ტექნიკური დათვალიერება ჩაუტარდება, ამავდროულად, სტამბულიდან ახალი ბორტი გამოემგზავრა და ის მგზავრებს თბილისიდან დღეს, 13.20 საათზე გაიყვანს.

ზურაბ ახალაძის განმარტებით, სპეციალური სამსახური გამოიძიებს, რატომ ვერ შეძლო "პეგასუსმა" აფრენა. კომპანია "პეგასუსს" დღეს დილით, აფრენისას პრობლემა შეექმნა, რის გამოც, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ექვსი რეისი გადაიდო. მგზავრები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ თვითმფრინავი აფრენის მომენტში მოცურდა და ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა.

 

კომენტარები