აშშ-საქართველოს ურთიერთობები

ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

ჯონ მაკკეინი და ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერმინისტრის პრესსამსახური

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის სენატორთა და კონგრესმენთა გაფართოებულ ჯგუფთან, რომელსაც სენატორი ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობს.

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი. საუბარი შეეხო 2014 წელს დაგეგმილი ნატოს სამიტისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ მიმართულებით შეერთებული შტატების მხარდაჭერას და აღინიშნა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაესწრნენ.

კომენტარები