თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

TAV GEORGIA: აეროპორტში შეფერხების მიზეზი პეგასუსის ბორტის გაუმართაობა გახდა

თბილისის აეროპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია TAV GEORGIA აცხადებს, რომ აეროპორტში რეისების შეფერხების მიზეზი პეგასუსის ბორტის გაუმართაობა გახდა.

"დღეს, საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია თითქოს პეგასუსის ბორტი ასაფრენ ბილიკზე მოსრიალდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

ბორტის პრობლემის რეალურ მიზეზს მოკვლევა დაადგენს, თუმცა პეგასუსის ხომალდის მეთაურის წინასწარი ახსნა-განმარტებით, აფრენის შეწყვეტა გამოიწვია მარჯვენა ძრავის ტექნიკურმა გაუმართაობამ.

მთელი ღამის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა დაგეგმილი რეისი შესრულდა შეუფერხებლად, კერძოდ, სტამბულის, კიევის, ბაქოს, მინსკის, მიუნჰენის, დუბაის და ამსტერდამის მიმართულებით. ასევე აღნიშნული შემთხვევიდან 2 წუთით ადრე ავიაკომპანია აერზენამ შეასრულა რეისი ამსტერდამის მიმართულებით.

შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი შეესაბამებოდა აფრენა-დაფრენის დაშვებულ ნორმებს. შეჭიდების კოეფიციენტი და ხილვადობა იყო დაშვებულ ლიმიტში, შეჭიდების კოეფიციენტი 0,42 ხოლო ხილვადობა 1200 მეტრზე მეტი", - აცხადებს TAV GEORGIA.

კომპანიის ინფორმაციით, პეგასუსის ბორტის ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებით, კომპანიამ ახალი ბორტის გამოგზავნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც შეასრულებს რეისს თბილისი-სტამბოლის მიმართულებით.

TAV GEORGIA-ს ცნობით, აღნიშნული პრობლემის მოგვარების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.

კომენტარები