სააკაშვილი: მივიღე გადაწყვეტილება ჩემი ხალხი ჩემგან დამესვენებინა

fb.com/SaakashviliMikheil

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სტუმრის სტატუსით მყოფმა ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მედიისთვის რამდენიმე კომენტარი გააკეთა. სააკაშვილი მიუნხენში ევროპელ მაღალჩინოსნებსა და უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა.

"ჩამოვედი სპეციალურად, ნახევარი დღით, უკრაინის ოპოზიციის ლიდერებთან შესახვედრად, როგორც იცით გარკვეული სიძნელეები შექმნეს ჩემს სიარულთან უკრაინაში. უკრაინის მთავრობამ. ყოველ შემთხვევაში დროებითი.

უკრაინაში წყდება ახლა არა მხოლოდ უკრაინის ბედი, არამედ საქართველოს ბედი, მთელი რეგიონის ბედი და ევროპის ბედიც. ამის შეგრძნება სულ უფრო მეტად არის ევროპაში. გუშინ ვისხედით რამდენიმე წამყვანი ქვეყნის საგარეო მინისტრთან ერთად და კიდევ ცალკე უკრაინის პოლიტიკური ლიდერები შემოგვიერთდნენ. და მართლა არის განცდა იმისა, რომ ახლა წყდება ძალიან ბევრი რამ. ამიტომ ჩვენი, ყველას დახმარება, გვერდზე დგომა, რჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველებისგან განსაკუთრებით, იმიტომ რომ უკრაინელები გადაყოლილები იყვნენ ჩვენზე დაწყებული 2008 წლის ომიდან, მანამდე ყველანაირად გვეხმარებოდნენ, აფხაზეთის ომში გამოიყვანეს ბომბების ქვეშ ქართველები. ყველა დონეზე უკრაინელები იდგნენ ჩვენ გვერდით, ამიტომ ჩვენ არ დავუდგეთ გვერდში უკრაინას არ შეიძლება" - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა დღეს განმარტება გააკეთა, რატომ არ აპირებს პოლიტიკაში ჩარევას.

"მე რამდენიმე თვეა უკვე აღარა ვარ საქართველოში, ძალიან მტკივა, ძალიან მაწუხებს, ძალიან მაინტერესებს, ყველაფერი რაც ხდება ჩემს სამშობლოში, მაგრამ მე არა ვარ რაღაც გასტროლიორი რომ ათასში ერთხელ პარტიზანულად გამოვჩნდე რაღაცაზე კომენტარი გავაკეთო და მერე ისევ დავიმალო, სადღაც თბილ ამერიკულ კაბინეტში.

მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამესვენებინა ჩვენი ხალხი ჩემგან. მოვშორებოდი საქართველოს შიდა პოლიტიკას. მე ეს გადაწყვეტილება მივიღე შეგნებულად. ეს ნიშნავს ასევე იმას, რომ ყოველ ჯერზე და საერთოდ არაფერზე არ აკეთო კომენტარი, არ ჩაერიო პროცესებში, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა როგორც ყოფილი პრეზიდენტის. ჩემს სამშობლოს ვუსურვებ ყველაფერს კარგს. მე ძალიან განვიცდი ძალიან ვგულშემატკივრობ, ყველაფერი მაინტერესებს რაც ხდება საქართველოში, მაგრამ საქართველოში არის საკმარისზე მეტი პოლიტიკოსი საკმარისზე მეტი გზნებები და ვნებები არსებოს. ისედაც საკმარისზე მეტად დაძაბული პოლიტიკურ ტემპერატურაა" - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

კომენტარები