დოკუმენტების გაყალბება

წულუკიანი ყალბი დოკუმენტების მფლობელებს ამნისტიის კანონით სარგებლობას ურჩევს

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გაყალბებული დოკუმენტების მფლობელებს ამნისტიის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული კანონით სარგებლობისკენ მოუწოდებს. მისივე განმარტებით, კანონი 2014 წლის ბოლომდე იმოქმედებს.

"მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც 2009 წლის 1 იანვრამდე შეიძლება ჰქონდათ ჩადენილი ისეთი დოკუმენტების გაყალბება, როგორიცაა პირადობის მოწმობა, საბჭოთა პასპორტი, დაბადების მოწმობა, ქორწინების/განქორწინების მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ნებისმიერი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი და ისეთი ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება, რომელსაც გასცემს სამოქალაქო რეესტრი, ასევე იმ მოქალაქეებს, ვინც 2009 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა დევნილის მოწმობის გაყალბება, ამ მოქალაქეებისთვის პარლამენტმა ახლახან გამოაცხადა ფართომასშტაბიანი ამნისტია. ის მოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუკი პირი ნებაყოფილობით განაცხადებს, რომ ჩაიდინა სიყალბე", - აღნიშნა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ეს არის მაქსიმალურად გამოსაყენებელი შესაძლებობა მოქალაქეების მიერ, რადგან ამნისტიით პირი თავისუფლდება არა მარტო სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, არამედ სასჯელისაგან და თავისუფლდება ფინანსური სარგებლის ანაზღაურებისგანაც.

"მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, რაც შეიძლება მალე გამოცხადდეს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის დაწესებულებებში, რათა ისარგებლონ ამ კანონით, ეს მათ საშუალებას მისცემს თავიდან აიცილიონ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და, მეორე მხრივ, მოაწესრიგონ საბუთები. ვინც ნებაყოფლობით არ გამოცხადდება და სამართალდამცავი ორგანოები თავისით აღმოაჩენენ, რომ არის გაყალბების ფაქტი, ამგვარ შემთხვევებზე ამნისტია არ ვრცელდება", - აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები