არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე

ივანიშვილი: ალბათ, უფრო პირადი ყურადღება მექნება ეკონომიკაზე

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქეს, რომლის პრეზენტაციაც დღეს, სასტუმრო რედისონში მიმდინარეობს, დიდი ხარჯები არ ექნება. როგორც ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, ძირითადი თანხები თანამშრომელთა ხელფასებზე, მედიატრენინგებზე და კვლევებზე წავა. მისივე თქმით, ჯერჯერობით, არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქეს ექვსი თანამშრომელი ჰყავს, რომლებთანაც ერთთვიანი პირობითი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

"სხვა თანამშრომლები თქვენთვის არ უნდა იყოს საინტერესო, დიდი ინტერესი რატომ უნდა გქონდეთ სხვა თანამშრომლებზე, არ ვიცი. პრინციპში, დანარჩენებსაც გაიცნობთ იმის შემდეგ, რაც მათთან ხელშეკრულებას გავაფორმებთ. ჯერ, ჩვენ ერთმანეთს ვამოწმებთ ერთი თვით. რაც შეეხება ხარჯებს, ვერ გვეყოლება ბევრი თანამშრომელი, შეიძლება ექვსს არ აცდეს და მაქსიმუმ ათამდე ავიდეს. შესაბამისად, მათი ხელფასები ვერ შეადგენს დიდი თანხას. რა ხარჯები წავა მედიამონიტორინგზე, როგორი მთხოვნა იქნება და რა სურვილი გაუჩნდება მედიასაშუალებებს ამ მხრივ, ეს დასადგენია. მე ჯერ არ ვიცი, რა თანხებზე იქნება საუბარი, არ გვაქვს დაზუსტებული ის პერმანენტული კვლევები, რომელიც იგეგმება. ჩვენ გადავუხდით თანხას პროფესიონალებს, ვინც გააკეთებენ შესატყვის კვლევებს და ეს ვერ იქნება დიდი თანხები ჩემი გადასახედიდან. რაც შეეხება მეორე და ყველაზე დიდ ნაწილს, ეკონომიკას, ეს პირადად ჩემზე კონცენტრირდება და არა მხოლოდ მოქალაქეზე. კერძოდ, თანაინვესტირების ფონდთან, რომელიც მე დავაფუძნე, ძალიან ბევრს ვთანამშრომლობ. მისი დიდი იმედი მაქვს, ძირითადად, იქ ვარ. არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქეს აქ დიდი როლი არ ექნება, ალბათ, უფრო პირადული ყურადღება მექნება ეკონომიკაზე და ძირითადი ინსტრუმენტი მექნება თანაინვესტირების ფონდი. იქ რა და როგორ დაიხარჯება, სხვა თემაა. მოქალაქეს ხარჯები კი იქნება, ტრეინინგები, კვლევების დაფინანსება და ხელფასები. არ ვიცი, რა თანხა იქნება წელიწადში - 1,2,3 მილიონი...  შეიძლება, ერთ მილიონ ლარში ჩავჯდეთ. ეს ვერ იქნება დიდი თანხები, მე ასე წარმომიდგენია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის პრეზენტაციაზე.

კომენტარები