კეზერაშვილის საქმე

ივანიშვილი: კეზერაშვილის წითელ ცირკულარში ჩასმის პროცესში ჩართული ვიყავი

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რამდენიმე თვის განმავლობაში თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს, ქართული მხარის ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, არცერთი ქვეყანა არ ეძებდა წითელი ცირკულარით. როგორც ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის პრეზენტაციაზე თქვა, ამ პროცესში თავად იყო ჩართული. ივანიშვილს ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტმა ჰკითხა, პროკურატურამ გაამართლა თუ არა მისი იმედები და კმაყოფილია თუ არა კეზერაშვილის საქმის წარმოებით. ყოფილმა პრემიერმა უპასუხა, რომ კმაყოფილია.

"თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა მივიღეთ და სად ვიყავით. წითელ ცირკულარში ვერ ჩავსვით კეზერაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში, მე პირადად ჩარეული ვიყავი. იგნორი იყო თავიდან ბოლომდე და ყველაფერს აკეთებდა ამისთვის წინა ხელისუფლება. წინა ხელისუფლება მუშაობდა ერთ რამეზე, რომ აქ ნაძარცვი თანხები ევროპასა და ამერიკაში მაქსიმალურად დაეხარჯათ ლობისტებზე. იქ პიარდებოდნენ, რომ ისინი არიან დემოკრატები და ამიტომაც იხარჯებოდა კოლოსალური თანხები. როდესაც ბიუჯეტს ვიხილავდით და ბოკერიამ მოითხოვა 16 თუ 18 მილიონი ლარი, წინა წლის ხარჯების მსგავსი, იმის 7% მივეცით და ხმა არ ამოუღია. წინა წელს მარტო უშიშროების საბჭოს დახარჯული ჰქონდა 16 მილიონზე მეტი. ეს ფული მიდიოდა ევროპასა და ამერიკაში ლობისტებზე. ამ ლობირების შედეგი იყო ის, რომ ახალი ხელისუფლება ოფიციალურად ვითხოვდით ძებნილების წითელ ცირკულარში ჩასმას და ვერ ვაღწევდით ამას, მხოლოდ ბოლო ორ თვეში მივაღწიეთ. ესეთი სიტუაცია დაგხვდა და ეს მოხდა ჩვენი - მთელი საზოგადოების - დაუდევრობის და უბადრუკობის შედეგად. ნაქირავნობის ჩვევები არ ვიცოდით. დავიქირავეთ ის, ვინც არ უნდა დაგვექირავებინა და შედეგად მივიღეთ ის, რომ თვითონ დაგვიქირავა მთელი საზოგადოება ხელისუფლებამ. ეს პროცესი იყო ცხრა წლის განმავლობაში და თქვენ ახლა გინდათ, რომ ახალმა ხელისუფლებამ ერთ წელიწადში დაალაგოს? რაც მივიღეთ, საოცრება მივიღეთ. არცერთი სახელმწიფო არ აკავებდა კეზერაშვილს და ეს კაცი გულაობდა. ცალკეულ სახელმწიფოებთან ცალკე მუშაობდა ღარიბაშვილი და ლომის წვლილი მიუძღვის მას. იმით, რომ კარგი ფრანგული იცის, იცნობს იქ ხალხს, ნაცხოვრებია, დაარწმუნა... ასე მოხდა კეზერაშვილის დაკავება", - განაცხადა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ექს-ან პროვანსის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პატიმრობიდან გაათავისუფლა. მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილება კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ 27 თებერვალს გახდება ცნობილი.

კომენტარები