ლარის კურსი

ივანიშვილი: ინფლაციაზე ამდენი საუბარი ზედმეტია, რადგან ეს შეიძლება გასწორდეს

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапова / Forbes

ლარის კურსი რაც დავარდა, ეს არ არის საგანგაშო. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავისივე არასამთავრობო ორგანიზაციის - მოქალაქის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, ეკონომიკის სტიმულირების მიზნით ინფლაციის წახალისებას ბევრი ქვეყანა მიმართავს.

„ევრონიუსზე ამ დილით ვნახე, ამერიკის ძირითადი ფინანსისტი ამბობდა,  გარკვეულწილად არ დაჩქარდება პროცესი - სწრაფად არ მოხდება თანხების ამოღება ეკონომიკიდან და ინფლაციის წახალისებაც იგეგმებოდა. ევრონიუსი ბრუნავს და შეგიძლიათ ნახოთ, გაიმეორებს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, ეროვნულ ბანკს გააჩნია ლარის კურსის დასტაბილურების მექანიზმები.

„ინფლაციაზე ამდენი საუბარი ზედმეტია, რადგან ეს შეიძლება გასწორდეს. ესეც რაღაც ეტაპზე, კარგი დოზით, ეკონომიკის გააქტიურებას უწყობს ხელს. ეს არ არის საფრთხობელა. ეროვნულ ბანკს შეუძლია მეტი ფული შემოიტანოს ეკონომიკაში და კიდევ სხვა მექანიზმებით ჩაერიოს ლარის კურსის ვარდნაში. არ არის გამორიცხული, რომ პირველ რიგში მათ ამ მეთოდებით შეუწყვეს ხელი ინფლაციას. თუმცა ეს ზომის ფარგლებშია. არაფერი არ ხდება არაზომიერი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ლარის კურსის მერყეობა სახელმწიფო ბიუჯეტს ვერ შეავსებს, თუმცა მას არ აუხსნია, რატომ. ყოფილმა პრემიერმა ასევე არ უპასუხა კითხვას - იმოქმედებს თუ არა ლარის კურსის ვარდნა ფასების ზრდაზე. 

კომენტარები