გიგი უგულავას საქმე

ივანიშვილი: მომეწონა, რომ სასამართლომ უგულავას წინასწარი პატიმრობა არ მიუსაჯა

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапов / Forbes

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას არავითარი საფუძველი არ აქვს, გააპროტესტოს სასამართლოს გადაწყვეტილება გიგი უგულავასთვის მერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება და არა - მთავრობის.

"თანამდებობა ქალაქის მერს შეუჩერა სასამართლომ. მე არავითარი საფუძველი არ მაქვს, სასამართლოს გადაწყვეტილება გავაპროტესტო. ეს იყო არა ხელისუფლების, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილება. იგივე სასამართლოს პროკურატურამ წინასწარი პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა, თუმცა, ჩემთვის მოსაწონად, სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა. მე სასამართლოს გადაწყვეტილება მოვიწონე. უკვე მოქალაქე ვიყავი, არ ვიცი, პრემიერის რანგში როგორ მოვიქცეოდი, მაგრამ ძალიან მომეწონა, რომ წინასწარი პატიმრობა არ მიუსაჯეს. თუ ადამიანი არ არის მკვლელი და საზოგადოებისთვის საშიში, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, წინასწარ პატიმრობას ფაქიზად უნდა მოვექცეთ და სასამართლომ ეს მოახერხა. რაც შეეხება მერისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, ეს არ არის, მე მგონი, უპრეცედენტო გადაწყვეტილება. სასამართლო პროცესი მიდის. თუ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ის არის დამნაშავე", - განაცხადა ივანიშვილმა. 

მისივე შეფასებით, ქართული ოცნების მერობის კანდიდატი დავით ნარმანია კარგი მერი იქნება.

"დავით ნარმანია მომწონდა და მომწონს. ძალიან კარგი მერი იქნება, თუ მას მხარს დაუჭერენ. ის არის ძალიან წესიერი, მეურნე და პროფესიონალი კაცი", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

კომენტარები