ხუდონჰესის მშენებლობა

კალაძე: ხაიშში აზომვით სამუშაოებს მოსახლეობასთან კონსენსუსამდე ვწყვეტთ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, სამინისტრო ხაიშში აზომვით სამუშაოებს, რომელიც ხუდონჰესის მშენებლობას უკავშირდება, მოსახლეობასთან კონსენსუსის მიღწევამდე დროებით წყვეტს. აღნიშნული მან სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარსა და მესტიის მაჟორიტარ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეხვედრის შემდეგ თქვა.

"ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, აზომვითი სამუშაოები დროებით შეჩერდა. ჩვენი ხელისუფლების მოთხოვნა იყო ინვესტორის მიმართ და შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ ერთ ლარად გადაცემული ქონების დაბრუნება და დარეგისტრირება მომხდარიყო. გამოიყო ჯგუფი, კანადური კომპანია "რეფლაინი", რომელიც განახორციელებდა ამ სამუშაოებს. ამას მოჰყვა მოსახლეობის პროტესტი და მათ მოითხოვეს აზომვის პროცესის დროებით შეჩერება. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ასევე მზად ვარ ჩავიდე და შევხვდე მოსახლეობას და დეტალურად ავუხსნა პროექტის დადებითი მხარეები", - თქვა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრმა არ დააკონკრეტა, თუ როდის შეხვდება ხაიშის მოსახლეობას. თუმცა თქვა, რომ ის ხაიშელებს სოზარ სუბართან და ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად შეხვდება.

სოზარ სუბარის თქმით კი, ხაიშელების პოზიციაა, რომ დიდი შეკრება ჩატარდეს, სადაც მთელი სვანეთი შეიკრიბება.

"ენერგეტიკის განვითარება რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ კარგად გვესმის და კარგად ესმის თითოეულ ხაიშელს, თუმცა არის სხვა ღირებულებები, რომლებიც ბევრ ადამიანს აწუხებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებთანაც დიალოგი შესაძლებელია. დიალოგი გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ მოიძებნება ისეთი გამოსავალი, რომ ყველა იქნება კმაყოფილი. მათი პოზიცია იყო, რომ გაკეთდეს დიდი შეკრება, სადაც მთელი სვანეთი შეიკრიბება, ადამიანები, რომელთა აზრსაც გაითვალისწინებენ. 6 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი შეხვედრა, მაგრამ დროებით გადავდეთ. მანამდე ჩვენ კიდევ შევხვდებით ხაიშელებს", - თქვა სუბარმა.

კომენტარები