ეკონომიკური ზრდა

ივანიშვილი: რაც შეეხება ბიუჯეტს და გარღვევას, ეს ყველაფერი მოხდა ჯანსაღად

არ ვეთანხმები ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ჩვენ გვქონდა ეკონომიკური ვარდნა. ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა თავისი არასამთავრობო ორგანიზაციის - მოქალაქის პრეზენტაციაზე დასმულ შეკითხვას 2013 წლის ბიუჯეტის გარღვევის შესახებ. 

"რაც შეეხება ბიუჯეტს და გარღვევას, პროცენტების ვარდნას და რასაც ნაციონალური მოძრაობა გაჰკივის თავისი დღე და მოსწრება, ყველაფერი მოხდა აბსოლუტურად ჯანსაღად. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ ხდებოდა ბიუჯეტის შევსება ნაწილობრივ საპროცესო გარიგებებით. ვიცით, როგორ აწიოკებდნენ მთელ მოსახლეობას, როგორ ართმევდნენ ქონებას. ეს ხდებოდა ჩვენს თვალწინ. ჩვენ მსგავსი არ გვიკადრებია. კრიტიკაზე თუ გაინტერესებთ, ღარიბაშვილს გავაკრიტიკებდი იმის გამო, რომ გამოიყენა არასწორად ტერმინი, თითქოს ახალი ხელისუფლების პირობებში ჩვენ გვქონდა ეკონომიკური ვარდნა. არ ვეთანხმები, რომ ჩვენ გვქონდა ეკონომიკური ვარდნა. ჩვენ მოვედით და დავიწყეთ გაჯანსაღება. იმ პროცესით, როგორითაც ნაციონალური მოძრაობა ბიუჯეტს ავსებდა და როგორც მართავდნენ ეკონომიკას, ის რესურსები მათაც ამოწურული ჰქონდათ. ბიზნესი პრაქტიკულად გამოწურული იყო. ხე რომ წვეროთი დავრგოთ მიწაში, გნებავთ ეს ანალოგია გამოვიყენოთ, დაახლოებით ეს ხდებოდა ქართულ ეკონომიკაში. ჩვენ გადმოვაბრუნეთ ეს ხე, ფესვები გავუჯანსაღეთ და დრო სჭირდება, რომ გაიზარდოს. ისე ეკონომიკა კი ვერ გაიზრდებოდა და კოლაფსს მიიღებდნენ", - განაცხადა ივანიშვილმა. 

კომენტარები