ბიძინა ივანიშვილი

ღარიბაშვილი: ვეთანხმები ივანიშვილის კრიტიკას, გვქონდა ეკონომიკური შეფერხება

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, ობიექტური კრიტიკა ყოველთვის მისაღებია. აღნიშნული მან ბრიუსელში თქვა.

"აბსოლუტურად ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ჩვენ არ გვქონია ეკონომიკური ვარდნა, იყო შეფერხება, რაც გამოწვეული გახლდათ ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესით. ამჟამად გვაქვს ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე წელს ველოდებით ეკონომიკის 5 %-იან ზრდას, მსოფლიო ბანკის პროგნოზით კი, მოსალოდნელია 6.3%-იანი ზრდა", - აღნიშნა პრემიერმა.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ არ ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში იყო ეკონომიკური ვარდნა.

"კრიტიკაზე თუ გაინტერესებთ, ღარიბაშვილს გავაკრიტიკებდი იმის გამო, რომ გამოიყენა არასწორად ტერმინი, თითქოს ახალი ხელისუფლების პირობებში ჩვენ გვქონდა ეკონომიკური ვარდნა. არ ვეთანხმები, რომ ჩვენ გვქონდა ეკონომიკური ვარდნა. ჩვენ მოვედით და დავიწყეთ გაჯანსაღება. იმ პროცესით, როგორითაც ნაციონალური მოძრაობა ბიუჯეტს ავსებდა და როგორც მართავდნენ ეკონომიკას, ის რესურსები მათაც ამოწურული ჰქონდათ. ბიზნესი პრაქტიკულად გამოწურული იყო. ხე რომ წვეროთი დავრგოთ მიწაში, დაახლოებით ეს ხდებოდა ქართულ ეკონომიკაში. ჩვენ გადმოვაბრუნეთ ეს ხე, ფესვები გავუჯანსაღეთ და დრო სჭირდება, რომ გაიზარდოს. ის ეკონომიკა კი ვერ გაიზრდებოდა და კოლაფსს მიიღებდნენ", - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები