ხუდონჰესის მშენებლობა

ომბუდსმენი კახი კალაძის განცხადებას მისთვის შეურაცხმყოფელად მიიჩნევს

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დღეს, 5 თებერვალს, თბილისში ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრისას თქვა, რომ ის შეურაცხყოფად აღიქვამს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებას, რომელმაც უჩა ნანუაშვილი გუშინ სიცრუეში დაადანაშაულა.

"მე მინდა გამოვეხმაურო კახი კალაძის განცხადებას, რომელმაც სახალხო დამცველის განცხადებას უწოდა სრული სიცრუე. ეს ეხებოდა ჩვენს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვთხოვეთ სამინისტროს და ინვესტორ კომპანიას დიალოგის დაწყება ხაიშის მოსახლეობასთან. ჩვენ ორი დღის წინ საუბარი გვქონდა ხაიშის მოსახლეობასთან, მოვისმინეთ მათი პრობლემები, მათი კითხვები და მათი თხოვნა გადავეცით როგორც ინვესტორ კომპანიას, ისე ენერგეტიკის სამინისტროს. მოსახლეობის ამ ჯგუფის თხოვნა იყო შემდგარიყო დიალოგი, გამართულიყო შეხვედრა ინვესტორთან და სამინისტროსთან. მეორე თხოვნა მდგომარეობდა იმაში, რომ უფრო მეტი დრო ყოფილიყო გამოყოფილი ე.წ. ყრილობის ორგანიზებისთვის, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ იყო დაანონსებული.

შესაბამისად, განცხადება, რომლითაც ჩვენ მივმართეთ ორივე მხარეს, ეს მდგომარეობდა იმაში, რომ დიალოგი უნდა დაწყებულიყო. სამწუხაროდ, როგორც ინვესტორისგან, ისე ენერგეტიკის სამინისტროსგან, ჩვენ მივიღეთ უარი. მე მინდა ვთხოვო ბატონ კახი კალაძეს, როცა მომავალში მსგავს გადაუმოწმებელ განცხადებას გაავრცელებს, პირველ რიგში, კონტაქტი დაიჭიროს საკუთარ პრესსამსახურთან. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას არ ჰქონდა ის ინფორმაცია იმ განცხადების შესახებ, რომელიც სახალხო დამცველმა გააკეთა. ამ შემთხვევაში ის მსგავს შეურაცხმყოფელ განცხადებას არ გააკეთებდა", - თქვა ომბუდსმენმა.

აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა ენერგეტიკის სამინისტროს განცხადება, სადაც სამინისტრო წერს, რომ ომბუდსმენის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:

"ენერგეტიკის სამინისტრო გაკვირვებას გამოხატავს სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მითითებულია, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ სახალხო დამცველთან და სვანეთის მოსახლეობასთან ხუდონჰესის პროექტით შესახებ შეხვედრაზე უარი განაცხადა. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური მომართვა სამინისტროსთან შეხვედრის ორგანიზების მიზნით სახალხო დამცველის აპარატიდან არ ყოფილა".

მსგავსი შინაარსის განცხადება თავად კახი კალაძემაც გააკეთა ტელეკომპანია მაესტროს ეთერში. გადაცემა სუბიექტურ აზრში, 4 თებერვალს, მან სწორედ ხუდონჰესთან დაკავშირებით ომბუდსმენის განცხადება შეაფასა: "სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ეს არის სიცრუე. ჩვენ არასდროს არგვითქვამს უარი შეხვედრაზე, არც ინვესტოს უთქვამს უარი".

კომენტარები