პარლამენტის პლენარული სხდომა

ვაშაძე: ჩვენ გვყავს აბსოლუტურად უუნარო მთავრობა

BPN.GE

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა, რომ "უუნარო მთავრობა" გვყავს.

"გუშინ ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ფაქტობრივი პრემიერმინისტრის პრესკონფერენცია. ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაც გავიგეთ, არის ის, რომ ყველა დაპირება შესრულებულია. ალბათ ჩვენ არ ვიცით, თუ არა 220-ლარიანი პენსია აქვთ საქართველოს პენსიონერებს. ეს ჩვენ არ ვიცით, თუ არა გაზი 1/3-ით გაიაფებულია, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ 100-ზე მეტი ქარხანა აშენებულია, ის ვებგვერდზე ჩანს, მაგრამ ამ ქარხნებში დასაქმებულ ხალხს ვერ ვხედავთ. ჩვენ არ ვიცით, მიიღო უკვე თუ არა ყველა სოფელმა 5 მილიონი. ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ იპოთეკარებს მისცეს 1%-იანი, 2%-იანი და მაქსიმუმ 3%-იანი კრედიტები. ყველაზე მნიშველოვანია ის, თუ სად არის მთავარი პრობლემა დღეს. მთავარი პრობლემაა ის, რომ დღეს ჩვენ გვყავს აბსოლუტურად უუნარო მთავრობა. მართლაც უუნაროა მთავრობა, რომელიც საუბრობს სამართლიანობის აღდგენაზე და ვერც ერთი გამოძიება ბოლომდე ვერ მიიყვანა და ყველა საქმე ჭორაობის და მითქმა-მოთქმის საგანია", - თქვა ვაშაძემ.

მთავრობის უუნარობის დასტურად ვაშაძემ ბარბარე რაფალიანცის და ზურაბ ჟვანიას საქმეებიც დაასახელა. დეპუტატმა კონკრეტრულ "უუნარო მინისტრებზეც" ისაუბრა.

"აბსოლუტურად უუნაროა დავით ნარმანია, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალზე 700 მეტრის დაგება ძლივს მოახერხა. შეგიძლიათ ჩახვიდეთ წყალტუბოში და ნახოთ, როგორი გაჩერებული და გაყინულია წყალტუბო. უუნაროა დავით ნარმანია და მთელი მთავრობა, როდესაც ქუთაისის წყალთან დაკავშირებით თქვა, რომ მშენებლობა მიმდინარეობსო და პერიოდულად მხოლოდ ორი კინკილა მუშა შეიძლება, დავინახოთ. უუნაროა მთავრობა, როდესაც იუსტიციის სახლს აქვს მცირე ხარვეზი და ამას თეა წულუკიანი პრინციპულად არ აკეთებს. უუნაროა მთავრობა, რომელიც ვერ ხედავს, რომ ეკონომიკაში პრობლემაა, ან ხედავს მაგრამ საპასუხოს ვერაფერს აკეთებს. უუნაროა მთავრობა, რომელიც ვერაფერს აკეთებს დასაქმებასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ეს უუნარობა ჩვენ ძალიან დიდი უფსკრულამდე მიგვიყვანს - უუნარობის თავდაჯერებულობა კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც დღეს მთავრობას ასახიათებს", - აღნიშნა ვაშაძემ.

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო.

კომენტარები