პარლამენტის პლენარული სხდომა

წიკლაური: პოლიტიკური დევნის ვნებამ ქართულ ოცნებას დაპირებები დაავიწყა

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებებს ტყუილი უწოდა.

"თვე-ნახევრის განმავლობაში, რაც პარლამენტი ისვენებდა, საქართველოს რეგიონები მოვიარე. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, იმ ვითარების გამომხატველი, რაც დღეს ჩვენს რეგიონებშია, არის გაწბილება, იმედის გაცრუება და სასოწარკვეთა. ეს ხდება სამეგრელოს, პრაქტიკულად, ყველა რაიონში. ეს ხდება ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში... ამომრჩეველი თქვენს დაპირებებს ენდო, საპარლამენტო არჩევნებში დაპირებების გამო მოგცათ ხმა და ეს დაპირებები ხალხთან ერთად ჩვენც კარგად გვახსოვს. კომიკურად ქცეული სამართლიანობის აღდგენის გარდა, იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დახატული მიწიერი სამოთხე - ამას დაუჭირა ხალხმა მხარი და ეს დაპირება ირწმუნა თქვენგან. შედეგად მივიღეთ ის, რომ რუსეთის ჯაშუშების გამოშვების და მათი რეაბილიტაციის გარდა, გარდა ლადო ბედუკაძის გმირად გამოცხადებისა, პოლიტიკური ოპონენტების დევნისა, ხელების ფშვნეტისა და იმაზე საუბრისა - ვის დაიჭერენ დღეს და ვის - ხვალ, ჩვენმა ხალხმა ვერაფერი მიიღო. სამაგიეროდ, იმ ფაქტმა, რომ მთავარი პროკურორი ყაჩაღი აღმოჩნდა, თქვენი ინკვიზიციური ცეცხლი ცოტა გაანელა. პოლიტიკური დევნის ვნებამ დაგავიწყათ ყველა ის დაპირება, რაც ხალხს მიეცით", - მიმართა უმრავლესობას წიკლაურმა.

კომენტარები