ვანო მერაბიშვილი

არადამაჯერებელი სამართალი

„არავის სჭირდება მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა. ის კარგად ზის და კიდევ იჯდება", – ეს განცხადება 16 იანვარს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. ასეთი პასუხი გასცა მან შეკითხვას ყოფილი პრემიერის ბრალდების თაობაზე, რომელიც ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ციხიდან ფარულად გაყვანასა და ზეწოლაში ადანაშაულებდა.

14 იანვარს გამოქვეყნებული სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის თანახმად, ვანო მერაბიშვილის ბრალდებები არ დასტურდება, ხოლო „მატროსოვის ციხეში" განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები 24 საათში იშლება და, შესაბამისად, მათი შემოწმება ვერ მოხერხდა.

ხელისუფლება კვლავაც აცხადებს, რომ ვერ ხედავს ამ საქმის გამოძიების აუცილებლობას იმის მიუხედავად, რომ მთავრობის განმარტებები მერაბიშვილის ბრალდების თაობაზე აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამაჯერებელია.

გიგი უგულავა
ფოტო: AFP
იმის შესახებ, რომ 14 დეკემბერს იგი ფარულად საკნიდან გაიყვანეს და მთავარ პროკურორთან მიიყვანეს, რომელიც მასზე ზეწოლას შეეცადა, ვანო მერაბიშვილმა 17 დეკემბერს, სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მას ჟვანიას საქმეზე და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდა.

როგორც მერაბიშვილი, ასევე ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლები, ხელისუფლებისაგან ამ საქმის სასწრაფოდ გამოძიებას მოითხოვდნენ. მაგრამ მთავრობის წევრებმა და პირადად პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადეს, რომ ამ საქმის გამოძიებას ბრალდებების „არასერიოზულობის" გამო არ აპირებენ.

საინტერესოა, რომ პროკურატურამ გამოძიება მეორე დღესვე დაიწყო ყოფილი პატიმრის ჯოლოხავას ბრალდებებზე ბაჩო ახალაიას მიმართ, ასევე, გაზეთ ალიაში დაბეჭდილ სტატიაზე დაყრდნობით, დავით კეზერაშვილის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ყოფილი პრემიერმინისტრის და ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის ბრალდებები კი, საქმის დასაწყებად საკმარისად სერიოზულად არ მიიჩნია.

ხელისუფლება სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ჩატარებულ „მოკვლევას" (რომელსაც რაიმე სამართლებრივი დატვირთვა არ გააჩნია) დასჯერდა, რომელიც 23 დეკემბერს დაიწყო. 22 დღე დასჭირდა უწყებას იმის დასადგენად, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მერაბიშვილი იმყოფება, სათვალთვალო კამერის ჩანაწერები 24 საათში იშლება, სხვა კამერების ჩანაწერებით კი მერაბიშვილის მიერ მოყვანილი ფაქტი არ დასტურდება.

ამასთან, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა, თითქოს, საქმის დეტალების ზედმიწევნით კარგად ცოდნა გამოავლინა, როდესაც პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილთან, ციხიდან მისი სავარაუდო გაყვანიდან მეორე და მესამე დღეს (უქმეებზე), მისი ადვოკატები იმყოფებოდნენ. შესაბამისად, მათ მომხდარის შესახებ განცხადების გაკეთება კადრების წაშლამდე შეეძლოთ. მერაბიშვილმა და მისმა ადვოკატებმა ღარიბაშვილი სიცრუეში დაადანაშაულეს – მათი თქმით, შაბათ-კვირას ადვოკატებს წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირის მონახულების საშუალება არ აქვთ.

განსაკუთრებით გაუგებარია სასჯელაღსრულების სამინისტროს დასკვნა იმის გათვალისწინებით, რომ გასული წლის ოქტომბერში თავად უწყების ხელმძღვანელი ამტკიცებდა, რომ ე.წ. მატროსოვის ციხეში სათვალთვალო კამერების ჩანაწერები 10 დღე ინახება. ეს განცხადება სოზარ სუბარმა ბაჩო ახალაიას ბრალდების საპასუხოდ გააკეთა იმის შესახებ, რომ მასზე ციხეში თვალთვალი ხორციელდება.

შესაბამისად, უწყების განცხადებამ, რომელსაც მერაბიშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით ყველა ეჭვი უნდა მოეხსნა, პირიქით, ახალი ეჭვები გააღვივა. უწყებისა და მთლიანად მთავრობის რეაქციამ მერაბიშვილის ბრალდებაზე, ხელისუფლების ოპონენტებს მისცა საფუძველი, ისინი კადრების წაშლაში დაედანაშაულებინათ და კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, რომ მერაბიშვილი სიმართლეს ამბობდა.

Image removed.
თანაც, მთავრობის არგუმენტები არადამაჯერებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისთვის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც – 17 იანვარს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ და მედიის განვითარების ფონდმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ხელისუფლებას ურჩევენ, ამ საქმის სრულფასოვანი გამოძიება ჩაატაროს და საზოგადოებაში გაჩენილ არაერთ ლეგიტიმურ შეკითხვას პასუხი გასცეს.

იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ არსებულ შეკითხვებს პასუხი ვერ გასცა და აუცილებელია გამოძიება პროკურატურამ დაიწყოს, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც განაცხადა.
მანამდე, 18 დეკემბერს, მთავარმა პროკურატურამ თბილისის მერს გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმესთან დაკავშირებით ახალი – 50 მილიონამდე ლარის მითვისება-გაფლანგვის ბრალდება წარუდგინა. 21 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერს, რომლის დაპატიმრებასაც პროკურატურა ითხოვდა, აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა, გვიან ღამით კი, ზეპირი მოსმენის გარეშე, დედაქალაქის არჩეულ მერის უფლებამოსილება შეუჩერა.

გიგი უგულავამ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია და განაცხადა, რომ სასამართლოზე ზეწოლას შსს-სა და პროკურატურის მაღალჩინოსნები ახდენენ.

ქალაქის მერის აზრით, ახალდანიშნული მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ხელით ხელისუფლება ახალი გეგმის განხორციელებას შეეცადა, რომლის მიზანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან ანგარიშსწორება და ყოფილი მმართველი პარტიის პოლიტიკიდან საბოლოო მოშორება იყო. კერძოდ, დაგეგმილი იყო ზურაბ ჟვანიას საქმეზე „საჭირო" ჩვენებების მიღება ვანო მერაბიშვილისგან, ასევე, ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის კობა ხარშილაძისგან, რომლის დაპატიმრებას პროკურატურა სულ სხვა საქმეზე – გასულ წლებში თბილისის გამწვანების კომპანია გრინსერვისის დარღვევებთან დაკავშირებით – ითხოვდა. უკვე ამის შემდეგ, ჟვანიას საქმის „გახსნის" შედეგად საზოგადოებაში გამოწვეული რეზონანსის ფონზე, უგულავას აზრით, იგეგმებოდა მისი და ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერების დაპატიმრება. თანაც, ეს ახალი წლის წინა დღეებში უნდა მომხდარიყო, როდესაც უცხოელი დიპლომატები ძირითადად საშობაო არდადეგებზე იმყოფებოდნენ.

კობა ხარშილაძეს სასამართლომ პატიმრობა უგულავას ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე დღეში შეუფარდა. ჟვანიას საქმის გახსნასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მოლოდინი კი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დაადასტურეს – ჯერ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შემდეგ პარლამენტარმა ეკა ბესელიამ ხარშილაძეს ჟვანიას საქმეზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოწმე უწოდეს.
მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე, ღარიბაშვილმა ისიც განაცხადა, რომ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება. შესაბამისად, დაადასტურა, რომ საქმის ძიება გრძელდება და საზოგადოებას ახალ ინფორმაციას დაჰპირდა.

ამ საქმის გამოძიება უკვე ახალ მთავარ პროკურორს მოუწევს, რადგან ოთარ ფარცხალაძეს 30 დეკემბერს თანამდებობის დატოვება მოუხდა – მას შემდეგ, რაც გიგი უგულავამ, 2001 წელს გერმანიაში მისი ყაჩაღობისთვის ნასამართლობის ფაქტი საჯარო გახადა. ამ ბრალდებას თავდაპირველად ხელისუფლებაში დაბნეულობა მოჰყვა – მთავრობისა თუ პარლამენტის წევრების ნაწილი ამტკიცებდა, რომ პროკურორი ნასამართლევი არ ყოფილა, ნაწილი კი აცხადებდა, რომ წარსულში მომხდარი ფაქტი მთავარი პროკურორის საქმიანობას ხელს არ შეუშლიდა. საბოლოოდ, პრემიერმა ღარიბაშვილმა ინტერვიუში დაადასტურა, რომ ფარცხალაძე ნასამართლევია, თუმცა, მისი გადაყენება არ იგეგმება. მაგრამ, ორიოდე დღეში მთავარმა პროკურორმა თანამდებობა, ოფიციალური ვერსიით, საკუთარი ნებით დატოვა.
მისი შემცვლელის ძიება საკმაოდ გაჭიანურდა – ახალი მთავარი პროკურორი მხოლოდ 21 იანვარს დაინიშნა. გიორგი ბადაშვილი ისევ ფარცხალაძის „კადრი" – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი აღმოჩნდა.

მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი
ვანო მერაბიშვილის საქმე და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებით შეშფოთება ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 20 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში გამოთქვა. დოკუმენტის თანახმად, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის დაკავებამ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ზოგიერთ დამკვირვებელს საქმის პოლიტიკურად მოტივირებულობის შესახებ ეჭვები გაუჩინა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პროკურატურამ წარსულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული 20 ათასზე მეტი საჩივრის საფუძველზე, 35 ყოფილ მაღალჩინოსანზე გამოძიება დაიწყო. თუმცა გაურკვეველია კრიტერიუმები, რის მიხედვით წყვეტდა პროკურატურა, თუ რომელი საქმე გამოეძიებინა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა მაიკლ იენსენმა და ბორის სილევიჩმა 15 იანვარს თბილისში ყოფნისას განაცხადეს, რომ ხელისუფლებისგან დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ მიიღეს მერაბიშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით, და რომ თბილისის არჩეული მერის ამ ფორმით გადაყენება დაუშვებელია.

მწვავედ გამოეხმაურა თბილისის მერის უფლებამოსილების შეჩერებას ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი – მისი განცხადებით, დემოკრატიული ქვეყნების არჩეული თანამდებობის პირების გადაყენება მხოლოდ ამომრჩევლის პრეროგატივაა და ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა შეცვალოს.

იმ ქმედებებმა, რაც პროკურატურამ უწყების ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ განახორციელა ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების მიმართ, შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური დევნის თაობაზე ეჭვები გააჩინა როგორც საქართველოს საზოგადოებაში, ასევე დასავლეთში. დამაჯერებელი პასუხი კი კითხვებზე ხელისუფლებას დღემდე არ გაუცია, რაც ამ ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს.

შერჩევითი მართლმსაჯულების საკითხი ერთ-ერთი გადამწყვეტი თემა იყო, რომელმაც თავის დროზე უკრაინის ხელისუფლების დასავლეთთან ურთიერთობების მკვეთრად გაუარესება განაპირობა. მას შემდეგ, რაც 15 იანვარს აშშ-ის სენატში საკომიტეტო მოსმენაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს, სენატორებმა მაკკეინმა და კარდინმა წარმოადგინეს ახალი კანონპროექტი „მაგნიტსკის აქტის" მოქმედების გაფართოების შესახებ – რათა სანქციების მოქმედება გავრცელდეს არა მხოლოდ რუს, არამედ ყველა სხვა ქვეყნის მაღალჩინოსნებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაზე აგებენ პასუხს. თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს პოლიტიკას, რომელიც შესაძლოა შერჩევით მართლმსაჯულებად შეფასდეს, ამ სიაში მოხვედრის პოტენციური შანსი გაუჩნდება. რაც მთავარია, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასაც შეექმნას.

კომენტარები