ჯაშუშობის ბრალდება

აბაშიძე: რუსეთმა ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებული ორი ქართველი გაათავისუფლა

ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ ორი კვირის წინ, ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ორი ქართველი გაათავისუფლა. ამის შესახებ აბაშიძემ ტაბულას გადაცემა ფოკუსში თქვა. მან ნაციონალური მოძრაობის წევრს ლევან თარხნიშვილს უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველო რუსეთის მიმართ მუდმივად დათმობაზე მიდის. 

"მინდა პატარა კომენტარი გავაკეთო თქვენი სტუმრის ნათქვამზე, რომ საქართველომ გაათავისუფლა რუსი ჯაშუშები და სანაცვლოდ არაფერი მიუღია. სხვათაშორის, მე გავაკეთე დღეს განცხადება, რომ ორი კვირის წინ, რუსულმა მხარემ ვადამდე გაათავისუფლა ორი ჩვენი მოქალაქე, რომლებიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით იმყოფებოდნენ. ჩვენ ველით, რომ უახლოეს მომავალში, დანარჩენ ჩვენს ბიჭებსაც გავათავისუფლებთ, რომლებსაც ანალოგიური ბრალდება აქვთ წაყენებული რუსეთში. ეს ჩვენთვის პრიორიტეტია და ის ბრალდება, რომელიც გვესმოდა, რომ ჩვენ გავუშვით და რუსეთი არავის უშვებს, ასე არ არის. რატომღაც ჩემი ეს განცხადება არც ერთმა ტელეარხმა არ გაახმაურა. მე ვფიქრობ, რომ ასეთი რამ ყოველდღე არ ხდება და ამას მეტი ყურადღება სჭირდებოდა" - თქვა აბაშიძემ ტაბულას ეთერში.

ცნობისთვის, მანამდე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან თარხნიშვილმა გადაცემა ფოკუსში განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველო რუსეთის მიმართ მუდმივად დათმობეაზე მიდის. მან ამის ერთერთ მაგალითად დაასახელა რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრების - არმენ გევორქიანის და იური შკრილნიკოვის - პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლება.

კომენტარები