კეზერაშვილის საქმე

პრემიერი: კეზერაშვილი საფრანგეთის დამოუკიდებელმა სასამართლომ გაათავისუფლა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება საფრანგეთის სასამართლომ მიიღო და საქართველოს პროკურატურის როლი გამოკვეთილი ვერ იქნებოდა. როგორც ღარიბაშვილმა ტელეკომპანია მაესტროსთან ინტერვიუში აღნიშნა, "საფრანგეთის სასამართლო ნაციონალური მოძრაობის დროინდელი სასამართლოს მსგავსი არ არის".

"საფრანგეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კეზერაშვილი წინასწარ პატიმრობაში აღარ დაეტოვებინათ და მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ამ გადაწყვეტილებაში, ბუნებრივია, საქართველოს პროკურატურის როლი ვერანაირად ვერ იქნებოდა გამოკვეთილი. ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის დროინდელი სასამართლო. ესაა საფრანგეთის რესპუბლიკის დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამ ვითარებაში საქართველოს პროკურატურის როლი, ბუნებრივია, ვერანაირად ვერ გამოიკვეთებოდა. კეზერაშვილის ექსტრადირებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და ჩემი ინფორმაციით, 28 თებერვალს იქნება. შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ და განვსაჯოთ, რამდენად ეფექტურად იმუშავა პროკურატურამ, რა არ გაითვალისწინა ფრანგულმა მხარემ და რატომ არ გაითვალისწინა.", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ექს-ან პროვანსის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პატიმრობიდან გაათავისუფლა. მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილება კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ 27 თებერვალს გახდება ცნობილი.

კომენტარები