საქართველო და ევროპის საბჭო

ევროპის საბჭო და საქართველო სამწლიანი სამოქმედო გეგმის განხორციელებას იწყებენ

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ცნობით, დღეს, 6 თებერვალს, თბილისს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი ეწვევა და ოფიციალურად გამოაცხადებს ორგანიზაციის სამწლიანი სამოქმედო გეგმის განხორციელების დაწყების შესახებ. სამოქმედო გეგმის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს რეფორმების განხორციელებაში ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის კუთხით.

სამოქმედო გეგმის დასაწყისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საგარეო საქმეთა სამინისტროში გახსნიან გენერალური მდივანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ასევე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი.

ევროპის საბჭოს ცნობით, ახალი გეგმის განხორციელებას 17 მილიონი ევრო დასჭირდება. იგი საფუძველს უყრის საქართველოსა და ევროპის საბჭოს ინტენსიურ თანამშრომლობას შეთანხმებულ პრიორიტეტულ სფეროებში, რომელთა შორის აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის განმტკიცება, სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა, ადგილობრივი დემოკრატიისა და თვითმმართველობის რეფორმის გაძლიერება.

ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი 6 თებერვალს გამართავს შეხვედრებს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართული დელეგაციის წევრებთან.

კომენტარები