მიუნხენის კონფერენცია

პეტრიაშვილი: მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერმა ყველა მთავარი გზავნილი თქვა

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ყველა მთავარი გზავნილი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსა და ქვეყნის მთავარ პრობლემას, ოკუპაციას შეეხებოდა, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ითქვა.

"რა მოიწონეს ოპონენტებმა და რა დაიწუნეს, ახლა არ არის აქტუალური. მე შემიძლია გითხრათ, ბრიუსელში ჩვენს შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნებოდა, რომ უკრაინის თემატიკამ მოიცვა ზოგადად მიუნხენის კონფერენცია და გადაფარა ისეთი მნიშვნელობის თემებიც კი, როგორიცაა კონფლიქტი სირიაში, ავღანეთში მიმდინარე ოპერაცია და ყველა სხვა თემა. ამ პირობებში საქართველოს პრემიერმინისტრმა გააჟღერა ის უმნიშვნელოვანესი გზავნილები, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის ამ ფორუმზე წარმოსაჩენად. მე შემიძლია გითხრათ ერთმნიშვნელოვად, რომ ყველა მთავარი გზავნილი, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის კურსს ეხებოდა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მთავარ პრობლემას - ოკუპაციის საკითხს, გაჟღერებული იყო პრემიერმინისტრის მხრიდან", - თქვა პეტრიაშვილომა.

პეტრიაშვილის განმარტებით, ყველა აღნიშნულ საკითხს ორმხრივი შეხვედრების ფორმატში კიდევ უფრო მეტი დრო უნდა დაეთმოს.

პეტრიაშვილის თქმით, ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი "უხვმოსავლიანი იყო".

„ეს შეხვედრები კონკრეტული შედეგებით დასრულდა საქართველო-NATO-ს, საქართველო-ევროკავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით. პირველი, ძალიან სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს არჩევანის მიმართ და აღინიშნა, რომ დაუშვებელია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ახალი ღობეების მშენებლობა. მეორე, უმნიშვნელოვანესია, რომ სულ რამდენიმე დღეში ჩამოვა NATO-ს სამხედრო კომიტეტი პირველი ვიზიტით - ესაა ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანო და უმნიშვნელოვანესია, რომ ის ზუსტად იმ პერიოდში ჩამოდის, როცა საქართველოს სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან"', - თქვა ალექსი პეტრიაშვილმა.

პეტრიაშვილისვე თქმით, უახლოეს პერიოდში ჩვენს ქვეყანაში შედგება უმაღლესი დონის არაერთი ვიზიტი, როგორც ევროკავშირის, ისე ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან.

"თვის ბოლოს ჩამოვა ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, ბატონი ოტინგერი, მარტის დასაწყისში საქართველოს ეწვევა შტეფან ფულე, ასევე დაგეგმილია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ რომპეის ვიზიტი ზაფხულამდე, ისევე როგორც საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა ევროკომისიის პრეზიდეტმა ბაროზომ", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

მინისტრის თქმით, ბრიუსელში ვიზიტის გვირგვინი იყო NATO-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც NATO-ს წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს ის პოზიტიური შედეგი, რომელიც მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების მიერ რეფორმების განხორციელებას.

„NATO-ს წევრი ქვეყნები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მის მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებაში გაწეული კონტრიბუციისა და წარმატებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისთვის გაწეული მიღწევები ადეკვატურად უნდა შეფასდეს NATO-ს გადაწყვეტილებებში", - თქვა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები