საქართველო და ევროპის საბჭო

ტორბიორნ იაგლანდი: ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებს

0 კომენტარი
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა, რომ ევროპის საბჭო ყურადღებით აკვირდება ყოფილი მაღლაჩინოსნების წინააღმდეგ არსებული საქმეების გამოძიებას.

"ერთადერთი რამ, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ეს საქმეები უნდა განიხილოს სასამართლომ, აშკარა მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მე მათ შესახებ ვესაუბრე როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიების პროცესი. მოდის თუ არა ის შესაბამისობაში ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებთან. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია კომენტარი გავაკეთოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, შემიძლია დავადასტურო, რომ ვაკვირდებით თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები და ხდება თუ არა მათი განხილვა კანონის უზენაესობის იმ სტანდარტების დაცვით, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ", - თქვა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპულ მომავალსა და საქართველოს მონაწილეობაზე სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში.

"საქართველო დემოკრატიის გზაზე წინსვლას განაგრძობს. საქართველო ევროპის საბჭოს ძალიან კარგი და კონსტრუქციული წევრია. გამოწვევები რჩება და რეფორმები, რა თქმა უნდა, აუცილებელია. ამიტომაც, ჩვენ მთავრობასთან ერთად შევიმუშავეთ ეს სამოქმედო გეგმა. მთავრობის სურვილია განახორციელოს ის აუცილებელი რეფორმები, რომლებზეც აღნიშნულ სამოქმედო გეგმაშია საუბარი. ეს გეგმა 34 პროექტს მოიცავს, 17-მილიონიანი ბიუჯეტით, რომელსაც ევროკავშირი და მისი ზოგიერთი წევრი აფინანსებს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გამოიარა დემოკრატიული არჩევნები, მშვიდობიანად, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით შეცვალა მთავრობა და პრეზიდენტი. ეს არის ძალიან კარგი ნიშანი. ვიმედოვნებ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც, რომელიც გაზაფხულზეა დაგეგმილი, ამავე სტანდარტების დაცვით ჩატარდება. ყველაფერი ეს მაძლევს საშუალებას, ვთქვა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას. უფრო მეტია გასაკეთებელი. თუმცა, როგორც საქართველოში, ისე ყველა ევროპულ ქვეყანაში არის რეფორმების ჩატარების აუცილებლობა. ევროპის საბჭო აღიარებს და იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. როდესაც ვსაუბრობთ ოლიმპიადაზე, მიმაჩნია, რომ ეს არ უნა იყოს გამოყენებული რაიმე პოლიტიკური მიზნისთვის. ვიცი, რომ იქნება გარკვეული პოლიტიკური საკითხებიც, რომელთა გვერდის ავლა რთულია. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს სპორტული მოვლენა. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას ოლიმპიადაზე", - განაცხადა ტორბიორნ იაგლანდმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები