საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქო ილია მეორის უშუალო დავალებით ივანიშვილის განცხადებას არ ეხმაურება

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის უშუალო ლოცვა-კურთხევითა და დავალებით არ ეხმაურება ექსპრემიერ ივანიშვილის განცხადებებს ეკლესიასთან და მის საჭეთმპყრობელთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს.

პირველიერარქის სამდივნო და პრესცენტრი ასევე უარყოფს წმინდა სინოდის სახელით, თითქოსდა პატრიარქის მდივნის, მღვდელ მიქაელ ბოტკოველის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

ივანიშვილმა 4 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე, ტაბულას კითხვას ასე უპასუხა:

"ჩვენ პატივს ვცემთ ისტორიას, ტრადიციებს, მართლმადიდებლობას. პატივს ვცემ პატრიარქს, მაგრამ საზოგადოებამ უნდა გადალახოს ბარიერი, რომ ეს თემა არის ტაბუდადებული და იქ რაც ითქმება, არის უმწიკვლო და ხელშეუხებელი. პატრიარქი ბრძანებს თუ სხვა ეკლესიის მსახური, ეს დამოკიდებულება, ჩემი აზრით, არის ზედმეტად გაფეტიშებული და გადაჭარბებული. ეს არ უნდა იყოს ასე. არ საჭიროებს ამას არც პატრიარქი და არც ეკლესია. ეკლესიაში იგივე პრობლემებია, რაც საზოგადოებაში და არ არის ნაკლები. ასეც უნდა იყოს. ეკლესიის მსახურნი არიან ჩვენი თანამოქალაქეები, მათი სამსახური არის ის და იქ აკეთებენ თავის მოვალეობას.

დამოკიდებულება, რაც საზოგადოებაში არსებობს, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული, ჩემი აზრით, არის შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისთვის და არ არის სწორი საზოგადოების ეს დამოკიდებულება. ისევე შეიძლება, შეეშალოთ იქაც და მოხდეს იქაც ცუდი ამბები. ასევე შეიძლება, იყოს დარღვევები და გაუგებრობები ეკლესიაშიც. ნუ გეშინიათ ამაზე საუბრის. ისინი საჭიროებენ კრიტიკას, მინიშნებას და მითითებას.

შეიძლება, პატრიარქსაც შეეშალოს. პატრიარქმა შეიძლება, თქვას, მაგრამ ჩვენ არ გავიზიაროთ. ეს ნორმალურია. არ გვინდა ეს დოგმები. როდესაც ორ მეუღლეს საშუალება არ აქვს შვილის გაჩენის, ამაში მედიცინა ერევა და ახალი სიცოცხლე ჩნდება, ამაში საკამათო არაფერია", - თქვა ივანიშვილმა.

 

კომენტარები