სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

ქართული დელეგაცია სოჭში ჩავიდა

ქართული დელეგაცია სოჭში უკვე ჩავიდა. სპორტსმენებს ადლერის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი მამუკა ხაბარელი დახვდა. მისი თქმით, სოჭში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და სპორტსმენები და დელეგაციის წევრები თავს დაცულად გრძნობენ. 

ადლერის აეროპორტში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხემძღვანელმა ლერი ხაბელოვმა ჟურნალისტებთან, ქართველი სპორტსენების ჩასვლის მიზანზე ისაუბრა.

„სოჭში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალმა პრეზიდენტმა ტომას ბახმა გააკეთა განცხადება, რომ ოლიმპიური თამაშები არ გამოეყენებინათ პოლიტიკური მიზნებისთვის. მის განცხადებას ჩვენი დელეგაციაც უერთდება. ჩვენი აქ ჩამოსვლის არსი და მიზანია, რომ ოლიმპიურ თამაშებში მივიღოთ მონაწილეობა და განვავითაროთ ამ სპორტის სახეობები,“- თქვა ლერი ხაბელოვმა.

„ასეთ დახვედრას არ ველოდი, მითხრეს, რომ იქნებოდნენ ჟურნალისტები, მაგრამ ასეთ ყურადღებას არ ველოდი. ყველამ დიდი ყურადღება გამოიჩინა, არამარტო რუსებმა“- განაცხადა მოთხილამურე ნინო წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სპორტსმენები - ნინო წიკლაური, ალექსი ბენიაიძე და იასონ აბრამაშვილი. ასევე, ოლიმპიური კომიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები. მოციგურავე ელენე გედევანიშვილი კი, სოჭში პირდაპირ კანადიდან, 14 თებერვალს ჩაფრინდება.

სოჭის ზამთრის ოლიმპიადა ხვალ, 7 თებერვალს გაიხსნება. საქართველოს მედროშე კი, მოთხილამურე ნინო წიკლაური იქნება.

კომენტარები