ახალაიას საქმე

პროკურატურა: გორგაძე გატაცებული არ იყო და მასზე ზეწოლა არავის მოუხდენია

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

მთავარი პროკურატურა გია გორგაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, გორგაძე არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ის გატაცებული იყო.

პროკურატურის განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ ახალაიას ადვოკატების განცხადებებს, თითქოს პროკურატურამ მოახდინა გ.გორგაძის დაკავება და მანამდე იძულებით მოხდა მისგან ჩვენების მიღება, არის სრული სიცრუე და ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

"იმავე დღეს, გია გორგაძის ადგილსამყოფელის დადგენის შემდგომ, მოხდა მისი მოწმის სახით დაკითხვა ქ.თბილისის პროკურატურაში, რა დროსაც მან განაცხადა, რომ იგი გატაცებული არ ყოფილა, მას უბრალოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა გაწყვეტილი კონტაქტი ოჯახთან, რის გამოც სავარაუდოდ ინერვიულეს მისმა ოჯახის წევრებმა და მიმართეს პროკურატურას დახმარებისთვის. მისივე განცხადებით, პროკურატურის მხრიდან მის მიმართ არ ჰქონია ადგილი არანაირ ზეწოლას ან იძულებას და მას როგორც წამების საქმეში დაზარალებულს და მ.გორგაძის ძმას სურდა მასმედიის საშუალებით გამოეთქვა თავისი ლეგიტიმური უფლება, რომ სწრაფად ყოფილიყო გამოძიებული 2006 წლის 12 იანვარს, ქ.თბილისში "ნავთლუღის" ავტოსადგურის ტერიტორიაზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მისი ძმის მურად გორგაძის და მისი მეგობრების ლიკვიდაციის ფაქტი.

რაც შეეხება ახალაიას ადვოკატების განცხადებებს, რომ თითქოს პროკურატურამ მოახდინა გ.გორგაძის დაკავება და მანამდე იძულებით მოხდა მისგან ჩვენების მიღება, ეს არის სრული სიცრუე და ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ბ.ახალაიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით. გვინდა განვაცხადოთ, რომ ყველა ეს მცდელობა არის სრულიად ფუჭი ვინაიდან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ, ასევე დაზარალებულ გ.გორგაძესთან და მანამდე მოწმე გ.ჯოლოხავასთან მიმართებაში ბ.ახალაიას ადვოკატების მხრიდან მომხდარი ინციდენტებიდან გამომდინარე, რომლებზეც პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიებები, გვინდა განვაცხადოთ, რომ მთავარი პროკურატურა მკაცრად აღკვეთს პროცესის მონაწილეებზე ზეწოლის ნებისმიერ ფაქტს. 

აქვე მოგახსენებთ, რომ პროკურატურა ინტენსიურად იძიებს ,,ნავთლუღის" ავტოსადგურთან ჩატარებული სპეცოპერაციის გარემოებებს, რასთან დაკავშირებითაც დამატებითი მნიშვნელოვანი დეტალები საზოგადოებისთვის მომავალში გახდება ცნობილი" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს, 7 თებერვალს თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელის ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმის მოწმე გია გორგაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოდან გაიტაცეს. ამის შესახებ ნადარეიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, გორგაძეს დაახლოებით 13:00 საათზე, ცენტრის დაცვამ უთხრა, რომ ერთი ადამიანი ეძებდა და თავისი ნომერი დატოვა. ნადარეიშვილის ცნობით, არსებობს ამის ვიდეოჩანაწერი.

 

კომენტარები