თბილისის ბიუჯეტი

მერია: შაბათ-კვირას, საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა

თბილისის მერიის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის მზადყოფნის მიუხედავად, შაბათ-კვირის განმავლობაში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს მიეღო საკრებულოს უმრავლესობის წერილობით მომზადებული წინადადებები, მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

"როგორც ჩანს, ჯერჯერობით მათ საკუთარი შენიშვნები თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, არ ჩამოუყალიბებიათ. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ დრო ხელოვნურად გაჰყავთ, იმისათვის რომ 12 თებერვალს ბიუჯეტის განხილვას კვლავაც ფორმალური ხასიათი ჰქონდეს. ასევე ვფიქრობთ, რომ ამ პროცესს არ უნდა აფერხებდეს საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის და მისი მოადგილეების ამერიკის შეერთებულ შტატებში ხანგრძლივი მივლინებით მოგზაურობა და, შესაბამისად, ვთხოვთ საკრებულოს უმრავლესობას, დღეს მაინც მიაწოდონ თბილისის მერიას მათი წინადადებები. ამასთან, ჩვენ კვლავ მზადყოფნას გამოვთქვამთ, 12 თებერვლის საკრებულოს სხდომის გამართვამდე 24-საათიანი რეჟიმით ვიმუშაოთ და ყველა დაინტერესებულ პირთან, მათ შორის, საკრებულოს უმრავლესობასთან ერთად, შევძლოთ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცება", - აცხადებს თბილისის მერია.

შეგახსენებთ, რომ თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდა. 29 დეკემბერს, დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა, 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.

20 იანვარს, თბილისის მერიამ საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი ხელმეორედ შეიტანა. უმცირესობის წევრების განცხადებით, დოკუმენტი მაქსიმალურად ოპტიმალურია. უმრავლესობის წევრების მტკიცებით კი, მერიას არ წარუდგენია ისეთი ბიუჯეტი, როგორსაც საკრებულო ითხოვს.

ამასთან, საკრებულოში თბილისის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება. 7 თებერვალს კომისიების თავმჯდომარეები მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საკრებულოს დეპუტატის ნიკო ხაჩირაშვილის თქმით, ისინი ერთიანი პაკეტის შექმნაზე მუშაობას აგრძელებენ, რომელშიც კონკრეტული მიმართულებები იქნება გაწერილი. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის თქმით კი, მერია საკრებულოს მიერ შემუშავებული დოკუმენტის წარდგენას ელოდება. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ბიუჯეტთან დაკავშირებით მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა.

კომენტარები