პატიმრების შიმშილობა

სასჯელაღსრულების სამინისტრო: ნანა კაკაბაძე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უარყოფს არასამთავრობო ორგანიზაციის - ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის - თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განცხადებას, რომ საპროტესტო ტალღამ გეგუთის ციხიდან რუსთავის ქალთა კოლონიაში გადაინაცვლა და პროტესტის ნიშნად, შიმშილობა 16-მა მსჯავრდებულმა დაიწყო. სამინისტროს განმარტებით, რუსთავის #5 დაწესებულებაში 16-მა პატიმარმა ქალმა შიმშილობა 2014 წლის 5 თებერვალს დაიწყო.

"დღევანდელი მონაცემებით, შიმშილობას 9 ქალბატონი განაგრძობს და ისევე როგორც შიმშილობის დაწყებისას, დღესაც, მათი პრეტენზიები პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმს უკავშირდება. მსჯავრდებულების განცხადებით, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი არაეფექტიანად ფუნქციონირებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 5 თებერვალს გააკეთა განცხადება და კონკრეტული სტატისტიკაც მოიყვანა: 2012 წლის 25 ოქტომბრიდან დღემდე პირობით ვადამდე 300 მსჯავრდებული ქალბატონი გათავისუფლდა. მაშინ როდესაც, მანამდე, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე, ანუ 2 წლის განმავლობაში პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით მხოლოდ 40 ქალი გათავისუფლდა. პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით, მიმდინარე წლის 30 იანვარსა და 3 თებერვალს დაწესებულება კიდევ 5-მა ქალბატონმა დატოვა. მათ შორის 2 - კომისიის, ხოლო 3 - ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. ვთხოვთ ქალბატონ ნანა კაკაბაძეს, თავი შეიკავოს არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან და ერთმანეთთან დაუკავშირებელი მოვლენების საპროტესტო ტალღად მონათვლისგან", - აცხადებს სასჯელაღსრულების სამინისტრო.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, 10 თებერვლის ღამით, სასჯელაღსრულების გეგუთის #14 დაწესებულებიდან სამოქალაქო საავადმყოფოებში 17 მსჯავრდებული გადაიყვანეს. ყველა მათგანს აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება.

სამინისტროს განცხადებით, ამ მომენტისთვის ჩვიდმეტივე მსჯავრდებული დაბრუნებულია დაწესებულებაში. პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები