გეგუთის ციხე

სახალხო დამცველის რწმუნებული: გეგუთში 46-მა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება

სახალხო დამცველის რწმუნებულის გიორგი ლაბაძის თქმით, გეგუთის ციხეში არა 17 პატიმარს, არამედ 46-ს აქვს თვითდაზიანება მიყენებული. ის კოლონიაში პატიმრებს თავად შეხვდა.

ლაბაძის თქმით, დღეს კიდევ ორი პატიმარი გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, ეს თვითდაზიანებას არ უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, ამ ორ პატიმარს წნევა დაუვარდა, რადგან საკვებს არ იღებენ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გეგუთის ციხის პატიმრებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

"2014 წლის 10 თებერვლის ღამით, სასჯელაღსრულების #14 დაწესებულებიდან გადაიყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოებში 17 მსჯავრდებული. ყველა მათგანს აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება. ამ მომენტისთვის 17 მსჯავრდებული დაბრუნებულია დაწესებულებაში. პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - წერია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები