გეგუთის ციხე

ნანუაშვილი: გეგუთის ციხესთან დაკავშირებით სიტუაცია უნდა დარეგულირდეს

news.ge

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის თქმით, გეგუთის ციხესთან დაკავშირებით, სიტუაცია უნდა დარეგულირდეს და გარკვეული კომპრომისული ნაბიჯები გადაიდგას.

"ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ძალიან ბევრი ჭორი, ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რაც სიტუაციის ესკალაციას იწვევს. გეგუთში ყოფნის დროს მე თვითონ შევესწარი ფაქტს, როდესაც მსჯავრდებული ურეკავდა ოჯახის წევრს და ეუბნებოდა, თითქოს ის იყო ნაცემ-ნაწამები. თუმცა, როცა მას შევხვდით, ჩვენთან საუბარში მან ეს უარყო. სამწუხაროა, რომ გარკვეული ძალები დაძაბულობის კერის შექმნას ცდილობენ. ასევე, არ დასტურდება, რომ 6, 7 და 8 თებერვალს სპეცრაზმი გეგუთის ციხეში იმყოფებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოთხოვნა, რომელიც პატიმრებს აქვთ, იყოს განხილული და მოხდეს იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც კანონის ჩარჩოებში ჯდება. იმის ნაცვლად, რომ მდგომარეობა განიმუხტოს და სამინისტრომ გარკვეული ნაბიჯები გადადგას, სამწუხაროდ, მიმდინარეობს უფრო დაძაბვისკენ გარკვეული მცდელობები", - თქვა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის თქმით, პრობლემები მაქსიმალურად უნდა იყოს შესწავლილი.

"სიტუაცია უნდა დარეგულირდეს, უნდა მოხდეს გარკვეული კომპრომისები, საუბარი არის იმაზე, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს პრობლემები შესწავლილი, რომლებიც ამჟამად გეგუთის დაწესებულებაში არის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივესალმებით და მოვუწოდებთ პატიმრებს, რომ მსგავსი სახის პროტესტის გამოხატვა შეწყვიტონ, რადგანაც ნებისმიერი პრობლემა უნდა გადაწყდეს კანონის ჩარჩოებში. საუბარია, რომ არ მოხდეს ჯანმრთელობისთვის საზიანო დაზიანებების მიღება. ეს არის სამწუხარო ფაქტი, რომელსაც გუშინ ჰქონდა ადგილი", - თქვა ნანუაშვილმა. მისივე თქმით, ერთ-ერთ მსჯავრდებულს მიყენებული ჰქონდა დაზიანებები, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება დაიწყო.

"თუმცა, მე არ მითქვამს არასოდეს, რომ ამ პატიმრის მიმართ დაზიანებები განახორციელა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, თუ რა ვითარებაში მიიღო მან ეს დაზიანებები", - თქვა ნანუაშვილმა.

რაც შეეხება ქალთა კოლონიაში შექმნილ ვითარებას, როგორც უჩა ნანუაშვილი ამბობს, მათი მოთხოვნაა სასჯელის გადახედვა და მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა.

დღესვე საქართველოს მთავრობის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგმა ციხეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით თქვა, რომ "ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ვიქნები და ყველა პასუხისმგებელ პირს გავესაუბრები, ვითარებას შევისწავლი და კვირის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს მოსაზრებას ჩამოვაყალიბებ".

კომენტარები