საქართველო- რუსეთის ურთიერთობა

მარგველაშვილი: საქართველოს ოკუპაცია რუსეთს დადებით შედეგს არ მოუტანს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, კომერციული და კულტურული კავშირები რუსეთ-საქართველოს შორის არის ის წინაპირობა, რომელმაც უნდა მოამზადოს უმძიმესი პოლიტიკური პრობლემების მოგვარების გადაწყვეტის ფონი.

პრეზიდენტის თქმით, პრაღის ფორმატში, რომელშიც მთავრობა მუშაობს, ძალიან აქტიურია მცდელობა, რომ მოხდეს როგორც ვაჭრობის, ისე კულტურის მიმართულებით ურთიერთობების ინტენსიფიკაცია და მოიხსნას დაძაბულობა.

"მაგრამ ეს ყველაფერი არის წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთულესი პრობლემები, რომელიც გამოიხატება ოკუპაციაში, ამ თემების რაციონალური განხილვისთვის შეიქმნას ფონი. საქართველოს ოკუპაცია რუსეთისთვის არანაირი დადებითი შედეგის მომტანი არ არის და მეტიც, ის დადებითი შედეგის მომტანი არ არის არც ერთი მხარისთვის. ჩვენი თანამოძმეები, რომლებიც ცხოვრობენ მავთულხლართებს მიღმა, არ ხეირობენ ამ პოლიტიკური ნაბიჯით. ეს პოლიტიკური ნაბიჯი ძალიან მძიმეა ჩვენი სახელმწიფოსთვისაც, რთულია რუსეთისთვისაც, შესაბამისად, ნებისმიერმა კავშირებმა, რომელიც მოხსნის დაძაბულობას და გადაგვიყვანს რაციონალურ დიალოგში, უნდა მოგვცეს იმის შესაძლებლობა, რომ ბოლოს და ბოლოს ამ თემებს მივადგეთ", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

კომენტარები