საქართველო-NATO

გიორგი მარგველაშვილი ამერიკელი კონგრესმენების წერილის გამო მოხარულია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელი კონგრესმენების წერილის გამო მოხარულია. მისი თქმით, თბილისშიც ჰქონდა შეხვედრა კონგრესმენებთან და მათი მზაობა და ჩართულობა, NATO-ში უფრო სწრაფ და ეფექტურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, მაშინაც გამოვლინდა.

"კარგია, რომ ამაზე მუშაობა არც ერთი წამით არ ჩერდება და ჩვენი მეგობარი კონგრესმენები ამას ყოველდღიურად აკეთებენ და ასეთი ინიციატივის ფორმას აძლევენ. ვიმედოვნებ, ნელ-ნელა ეს სულისკვეთება, რაც არის უაღრესად სწორი და მომგებიანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, სულისკვეთება, რომელიც გადაწყვეტს ბევრ პრობლემას რეგიონში, გაზიარებული იქნება არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ ჩვენი სხვა მეგობარი ქვეყნების მიერაც და ეს ტენდენცია ამ წლის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდება", - თქვა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის NATO-ს 2014 წლის სამიტთან დაკავშირებით წერილით მიმართეს. ისინი მიესალმებიან აშშ-ის ძალისხმევას, აღნიშნულ სამიტზე NATO-ს გაფართოების პერსპექტივა პრიორიტეტად გახადოს. ინფორმაცია კონგრესმენების მიმართვის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

კონგრესმენებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მოუწოდეს, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა NATO-ს ასპირანტ ქვეყნებთან, კერძოდ, საქართველოსთან, მაკედონიასთან, მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ასევე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც აშშ-სა და NATO-სთან ახლო ურთიერთობების დამყარება სურთ.

კომენტარები