ბაჩო ახალაიას საქმე

არასამთავრობოები გორგაძესთან დაკავშირებული მოვლენების გამოძიებას მოითხოვენ

0 კომენტარი

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო და კონსტიტუციის 42-ე მუხლი მოქალაქე გია გორგაძესთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების ობიექტურად და სრულყოფილად გამოძიებას მოითხოვენ.

აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

"მიგვაჩნია, რომ ჩვენს განცხადებაში მოყვანილი ფაქტები დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ობიექტურად და სრულყოფილად გამოძიებული, რათა განხორციელდეს ეფექტური რეაგირება იმ საგანგაშო ინფორმაციაზე, რაც უკავშირდება მოწმის მიმართ სამართლადამცავი ორგანოების მიერ განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლას. ამავდროულად, კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლების ორგანოებს, რომ სამართალდამცავებს არ აქვთ უფლება, სასამართლო აქტის გარეშე პირი იძულებით მიიყვანონ დასაკითხად და მოვუწოდებთ, მკაცრად დაიცვან კანონის აღნიშნული ნორმა. გარდა ამისა, ეს ფაქტები, კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რამდენად მძლავრი იარაღია სამართალდამცავთა ხელში მოწმის დაკითხვის არსებული მექანიზმი. აღსანიშნავია, რომ მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება, როდესაც მოწმე მხოლოდ სასამართლოს წინაშე მისცემს ჩვენებას, სწორედ სამართალდამცავი ორგანოების დაჟინებული მოთხოვნის შედეგად გადავადდა, კიდევ 2 წლით.

გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წლის 7 თებერვალს, გია გორგაძე დაუკავშირდა ბაჩანა ახალაიას ადვოკატ გიორგი ონიანსა და მეუღლე ანი ნადარეიშვილს და მოითხოვა მათთან შეხვედრა. როგორც გიორგი ონიანი და ანი ნადარეიშვილი ადასტურებენ, აღნიშნული პირი აცხადებდა, რომ ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინეს ზეწოლით, რის შესახებაც სურდა ინფორმაცია მიეწოდებინა ჟურნალისტებისა და საზოგადოებისათვის.

იმავე დღეს 16:00 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე მისვლისთანავე, გია გორგაძე სამართალდამცავებმა იძულებით წაიყვანეს, რის გამოც პრესკონფერენციის ჩატარება ვეღარ მოახერხა. ოფიციალურ მიზეზად საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დასახელდა ის ფაქტი, რომ მას ოჯახი ეძებდა.

გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული ფაქტის შემდეგ გია გორგაძე 5 საათის მანძილზე პროკურატურაში იმყოფებოდა. პროკურატურის განცხადებით, მისი პროკურატურაში იძულებით მიყვანა განპირობებული იყო მისი გაუჩინარების საქმეზე დაკითხვის მოტივით. აღსანიშნავია, რომ გია გორგაძესთან არ შეუშვეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი, რომელიც 3 საათის განმავლობაში ელოდებოდა მასთან შეხვედრას. პროკურატურის ვერსიით თავად გორგოძემ არ ისურვა ადვოკატთან შეხვედრა, თუმცა მიგვაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში ადვოკატს უნდა მიეცეს კლიენტთან შეხვედრის საშუალება და თავად კლიენტის უარი ადვოკატის მომსახურების შესახებ ნაკლებ შეკითხვას დატოვებდა საზოგადოებაში.

დაკითხვიდან გამოსულმა გორგაძემ რამდენიმე ტელეკომპანიის წარმომადგენელთან განცხადება გააკეთა და უარყო პრესკონფერენციაზე გასაკეთებელი განცხადების დაანონსებული შინაარსი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები პროტესტს გამოვხატავთ იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ხდება კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა. სამართალდამცავებს არ აქვთ უფლება, სასამართლო აქტის გარეშე პირი იძულებით მიიყვანონ დასაკითხად. სამწუხაროდ, საპირისპიროდ ამისა, პროკურატურა ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და სასამართლო ბრძანების გარეშე მოწმის იძულებითი მიყვანა კანონიერ და ჩვეულებრივ მოვლენად წარმოაჩინოს.

დამაჯერებლობას მოკლებულია არგუმენტი, რომ გია გორგაძის სამართალდამცავ ორგანოში იძულებითი წაყვანა (რაც ცალსახად უკანონო ხასიათს ატარებდა), მის თითქოს და გაუჩინარებას უკავშირდებოდა. ზემოაღნიშნული ფაქტები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სამართალდამცავთა ქმედებები მიზნად ისახავდა იმას, რომ ბრალდების მთავარ მოწმეს საზოგადოებისთვის არ მიეწოდებინა ინფორმაცია თავდაპირველი დაკითხვის დროს მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ",- წერია განცხადებაში.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები