სამარშრუტო ტაქსები

რუსთავში, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

რუსთავში შიდა საქალაქო და თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ხაზებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს. როგორც მძღოლებმა გუშინ, რუსთავის მერთან დავით ჯიქიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ თქვეს, მათ მიიღეს პირობა, რომ მოთხოვნებს დაუკმაყოფილებენ.

"ამ საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად ერთი დღე გვთხოვა. ერთ დღეში მივიღებთ პასუხს. ვფიქრობთ, პასუხი დადებითი იქნება. ამიტომ გადავწყვიტეთ, ხვალიდან ჩვეულებრივ გავიდეთ სამუშაოდ. იმ შემთხვევაში თუ ერთ დღეში უარყოფით პასუხს მივიღებთ, ზეგ დილიდან აქციებს ისევ განვაახლებთ", - აღნიშნა აქციის მონაწილემ ზაზა ჩიხლაძემ.

რუსთავში სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გუშინ გაიფიცნენ. ტრანსპორტის მოძრაობა თბილისი-რუსთავის მიმართულებით პარალიზებული იყო. სამარშრუტო ტაქსები არც ქალაქის შიგნით მოძრაობდნენ. მძღოლები იმ კონკურსის გადავადებას მოითხოვდნენ, რომლითაც გამარჯვებული კომპანია უნდა გამოვლინდეს. ისინი ახალი სამარშრუტო ტაქსების შესაძლო შემოყვანას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ახალი სამარშრუტო ტაქსების შემოსვლის შემდეგ, ისინი სამსახურს დაკარგავენ.

რუსთავის მერი დავით ჯიქია მძღოლების გაფიცვას საკონკურსო კომისიის მიერ შექმნილ ახალ რეგულაციებს უკავშირებს. მისი თქმით, მძღოლებმა საბოტაჟი მოაწყვეს. მერის განცხადებით, შიდასაქალაქო და რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსებისთვის წესები და რეგულაციები საკონკურსო კომისიამ შეიმუშავა. News.ge-ს ინფორმაციით, რუსთავის მერმა განმარტა, რომ წესებში ჩაიდო ვალდებულება - თუ კონკურსი გამოცხადდება, ყველა არსებული მძღოლი უნდა დასაქმდეს. ამასთან, მეორე ვალდებულების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ტრანსპორტის ღირებულება არ უნდა გაზარდოს, თუ არ მოხდა ინფლაცია.

"მძღოლები გარკვეულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან. პირდაპირ ამბობენ, წესები ნორმალურია, მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებით, იმიტომ რომ მიუღებელიაო. ითხოვენ, რომ ეს წესი არ დამტკიცებულიყო და 5-6 წლის განმავლობაში არსებული ხელშეკრულებით გაგრძელებოდათ უფლებამოსილებები და ვალდებულებები", - ამბობს ჯიქია News.ge-სთან საუბარში.

კომენტარები